დასაწყისში იყო სიტყვა
1 დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
2 ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.
3 ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4 მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
5 ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.
იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე
6 იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.
7 ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან.
8 არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.
9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად.
10 ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.
11 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.
12 ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;
13 და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.
14 სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
15 იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.
16 და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
17 რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
იოანე უთითებს ღვთის კრავზე
18 ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.
19 ეს არის მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა იერუსალიმიდან წარგზავნეს მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ?
20 და აღიარა, როდი უარყო; დიახ, აღიარა: მე არა ვარ ქრისტე.
21 ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა.
22 მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?
23 მან თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა.
24 ხოლო წარმოგზავნილნი ფარისეველთაგანნი იყვნენ.
25 და ჰკითხეს მას: მაშ, რატომ სცემ ნათელს, თუკი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი?
26 მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ.
27 ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი.
28 ეს ხდებოდა ბეთაბარაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე.
29 მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.
30 ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.
31 მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად.
32 მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე.
33 მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი.
34 მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა.
35 მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად.
36 დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა.
37 ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა.
38 ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ?
39 უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ; იქნებოდა ასე ათი საათი.
40 ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო,
41 რომელმაც ყველაზე უმალ თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა მას: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე);
42 და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე).
43 მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
44 ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.
45 მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.
46 და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.
47 მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.
48 უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე.
49 ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
50 მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ.
51 და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.
დასაწყისში იყო სიტყვა
1 დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
2 ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
3 ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა.
4 მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.
5 ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე
6 იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე.
7 იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.
8 იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ.
9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს.
10 იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი.
11 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
12 ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
13 ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან.
14 სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა
15 იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
16 მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.
17 ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა“.
იოანე უთითებს ღვთის კრავზე
18 ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.
19 აჰა, მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა მიუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინ ხარ შენ?“
20 მან აღიარა და არ უარყო, აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე“.
21 და ჰკითხეს მას კვლავ: „მაშ ვინა ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ“. „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგებს: „არა“.
22 მაშინ უთხრეს მას: „ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“
23 თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა“.
24 წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ.
25 და ჰკითხეს მას და უთხრეს: „აბა, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“
26 მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ.
27 ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“.
28 ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.
29 მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა.
30 ეს არის, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო-მეთქი.
31 მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს“.
32 მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე.
33 მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: „ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი“.
34 მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“.
35 მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.
36 დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი“.
37 ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს.
38 იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?“
39 ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ“. წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.
40 ერთი ამ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.
41 მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).
42 მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს, პეტრეს).
43 მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და იპოვა ფილიპე. უთხრა მას იესომ: „გამომყევი“.
44 ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან.
45 ფილიპე შეხვდა ნათანაელს და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან“.
46 უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე“.
47 იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა“.
48 ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ დაგინახე“.
49 მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა“.
50 მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტსაც იხილავ“.
51 ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ“.
დასაწყისში იყო სიტყვა
1 პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი.
2 ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.
3 ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.
4 მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.
5 და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე
6 იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე.
7 ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.
8 არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს.
9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
10 სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.
11 თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს.
12 ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი,
13 რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.
14 და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.
15 იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.
16 და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.
17 რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.
იოანე უთითებს ღვთის კრავზე
18 ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
19 და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?
20 და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.
21 და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ; წინაწარმეტყუელნი იგი ხარა შენ? და მიუგო: არა.
22 და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს?
23 და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.
24 და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.
25 ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?
26 მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით,
27 რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი.
28 ესე ბეთაბრას იყო, წიაღ-იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე და ნათელ-სცემდა.
29 ხვალისაგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.
30 ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს.
31 და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.
32 და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა.
33 და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.
34 და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ.
35 ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.
36 და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ.
37 და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს.
38 მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი?
39 ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე.
40 იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას.
41 პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“.
42 ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.
43 ხვალისაგან უნდა იესუს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: მომდევდი მე.
44 ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრესა.
45 პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით.
46 და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.
47 იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.
48 ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.
49 მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.
50 მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო.
51 და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.