მე ვარ მწყემსი კეთილი
1 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.
2 ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.
3 მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
4 ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.
5 უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.
6 ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.
7 კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
8 ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.
9 მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
ბრალდება
10 ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
11 მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
12 ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.
13 მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.
14 მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.
15 როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.
16 სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
17 იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.
18 ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან.
19 ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის.
20 ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას?
21 სხვები კი ამბობდნენ: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. სად შეუძლია ემშაკს თვალი აუხილოს ბრმებს?
22 ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა.
23 და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან.
24 გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად.
25 მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის.
26 მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით.
27 ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
28 მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.
29 მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.
30 მე და მამა ერთი ვართ.
31 მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად.
32 იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?
33 მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.
34 მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?
35 ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),
36 მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?
37 თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით.
38 და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში.
39 მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.
იორდანეს გაღმა წასვლა
40 და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ.
41 ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო.
42 და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
მე ვარ მწყემსი კეთილი
1 „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი.
2 ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი.
3 მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი.
4 როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას.
5 უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს“.
6 ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
7 კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
8 ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ.
9 მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.
ბრალდება
10 „ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.
11 მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის.
12 მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს.
13 მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.
14 მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, 15. როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.
16 მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.
17 იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი.
18 ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული“.
19 ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.
20 თქვა ბევრმა მათგანმა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“
21 სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“
22 მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა.
23 და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში.
24 შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად“.
25 მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!
26 მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით.
27 ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.
28 მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.
29 ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან.
30 მე და მამა ერთი ვართ“.
31 კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად.
32 მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“
33 მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს“.
34 მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ „მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?“
35 თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა,
36 მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა სოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი?
37 თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.
38 და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ“.
39 კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან.
იორდანეს გაღმა წასვლა
40 წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა.
41 ბევრნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყოო.
42 და იქ ბევრი ერწმუნა მას.
მე ვარ მწყემსი კეთილი
1 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.
2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ.
3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.
4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.
5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.
6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.
7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ.
8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.
9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.
ბრალდება
10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.
11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.
12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.
13 ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.
14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.
15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.
16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
17 ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი.
18 არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან.
19 და იყო განწვალებაჲ კუალად ჰურიათა მათ შორის ამის სიტყჳსათჳს.
20 და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკეულ არს და ცბის. რაჲსა ისმინეთ მისსა?
21 და სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფების ბრმისა თუალთა ახილვად?
22 და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო.
23 და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა.
24 გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად.
25 მიუგო იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა, რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს.
26 და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ.
27 ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე.
28 და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწმყდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა.
29 მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელთაგან მამისა ჩემისათა.
30 მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.
31 აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას.
32 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?
33 მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.
34 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა სჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ?
35 უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი.
36 და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: გმობს, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.
37 უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი.
38 უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა.
39 ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა.
იორდანეს გაღმა წასვლა
40 და წიაღჴდა მიერ იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელ-სცემდა პირველად იოვანე, და დაადგრა მუნ.
41 და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე სასწაული არარჲ ქმნა; ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო.
42 და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.