ფერხთბანა
1 პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე.
2 სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა,
3 იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის,
4 წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა.
5 მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა.
6 მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს?
7 მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ.
8 უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.
9 უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც.
10 უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა.
11 ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო.
12 ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით?
13 თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ.
14 ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს.
15 რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.
16 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი.
17 თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას.
18 ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი.
19 ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
20 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
იესოს წინასწარუწყება გაცემაზე
21 ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
22 მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს.
23 ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას.
24 სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო.
25 ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის?
26 იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.
27 ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.
28 მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.
29 ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო.
30 ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე.
ახალი მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი!“
31 როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ.
32 ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე.
33 შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს: სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა.
34 ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.
35 იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის.
36 ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები.
37 უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის.
38 იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.
ფერხთბანა
1 პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი.
2 სერობის დროს, როცა ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი,
3 იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის,
4 წამოდგა სერობიდან, გადაიძრო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა.
5 მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა.
6 მივიდა სიმონ-პეტრესთან. ის კი ეუბნება: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?“
7 მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ“.
8 ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხს“. მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი“.
9 ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც“.
10 ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა“.
11 რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.
12 ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით?
13 თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ.
14 ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი.
15 რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
16 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი.
17 რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.
18 ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: �ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი.�
19 ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
20 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს“.
იესოს წინასწარუწყება გაცემაზე
21 ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღელდა, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე“.
22 გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო.
23 იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს.
24 სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო.
25 გადაიხარა იგი იესოს მკერდისკენ და ეუბნება: „უფალო, ვინაა იგი?“
26 მიუგებს იესო: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ“. ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს.
27 ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე“.
28 მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.
29 ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის.
30 ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე.
ახალი მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი!“
31 როცა გავიდა, ამბობს იესო: „ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.
32 რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას.
33 შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთმეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა.
34 ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
35 ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.
36 ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები“.
37 ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის“.
38 მიუგო იესომ: „სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ.
ფერხთბანა
1 და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი.
2 და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი.
3 იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.
4 აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.
5 და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.
6 და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?
7 მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.
8 ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.
9 ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი.
10 ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი.
11 რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.
12 და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერე ჰრქუა მათ: უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?
13 თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ.
14 უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.
15 რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.
16 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.
17 ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას.
18 არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი.
19 ამიერითგან გეტყჳ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ.
20 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მე შემიწყნარებს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს მომავლინებელსა ჩემსა.
იესოს წინასწარუწყება გაცემაზე
21 ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
22 ხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთჳს იტყოდა.
23 და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.
24 წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?
25 ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?
26 მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.
27 და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.
28 ესე უკუე არავინ ცნა ინაჴით-მჯომარეთაგანმან იესუჲს თანა, რაჲსათჳს ჰრქუა მას.
29 რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა.
30 ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.
ახალი მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი!“
31 და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძე კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა.
32 უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი.
33 შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. და მეძიედეთ მე, და ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად; და აწ თქუენ გეტყვ.
34 მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას.
35 ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას.
36 ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოსლვად აწ, ხოლო მერმე მომდევდე მე.
37 ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა.
38 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა? ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე სამ-გზის.