მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე
1 ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2 მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?
3 ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.
4 ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.
5 უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?
6 უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.
7 მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი.
8 ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.
9 უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?
10 ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.
11 მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ.
12 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.
13 რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
14 რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ.
აღთქმა სულიწმიდის მოვლინებისა
15 თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.
16 ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
17 ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.
18 არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.
19 ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
20 იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში.
21 ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
22 უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?
23 მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.
24 ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.
25 თქვენთან მყოფმა გითხარით ეს.
26 ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.
27 მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება.
28 ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია.
29 აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
30 ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში.
31 მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ.
მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე
1 „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2 ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ.
3 როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4 სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა“.
5 ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“
6 ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.
7 მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი“.
8 ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“.
9 ეუბნება მას იესო: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო?
10 არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.
11 მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
12 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13 რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
14 თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
აღთქმა სულიწმიდის მოვლინებისა
15 „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.
16 მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ,
17 ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
18 ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
19 კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში.
21 ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები“.
22 ეუბნება მას იუდა, ისკარიოტელი კი არა: „უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თავად გამოგვეცხადები ჩვენ და არა სოფელს?“
23 მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს.
24 ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა.
25 ამას გელაპარაკებოდით თქვენთან ყოფნისას,
26 ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.
27 მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
28 ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა.
29 ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
30 ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის.
31 მაგრამ, რათა გაიგოს სოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამამ მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.
მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე
1 ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ.
2 სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი.
3 და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.
4 და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით.
5 ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?
6 ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.
7 უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.
8 ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.
9 ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?
10 არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.
11 გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.
12 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.
13 და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.
14 და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო.
აღთქმა სულიწმიდის მოვლინებისა
15 უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.
16 და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე.
17 სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.
18 არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.
19 მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.
20 მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.
21 რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.
22 ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?
23 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ.
24 ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი.
25 ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
26 ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ.
27 მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ.
28 გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს.
29 და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს.
30 არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ.
31 არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ.