ლოცვა მოწაფეთათვის
1 ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.
2 რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
3 საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.
4 მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.
5 ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.
6 გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა.
7 ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
8 რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
9 მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან.
10 ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში.
11 მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.
12 როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.
13 ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.
14 მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.
15 არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი.
16 ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.
17 გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა.
18 როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად.
19 მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.
ლოცვა ყველასათვის
20 მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.
21 რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.
22 დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.
23 მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
24 მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე.
25 მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე.
26 მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.
ლოცვა მოწაფეთათვის
1 ეს ილაპარაკა იესომ და ცას მიაპყრო თვალები და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.
2 რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
3 ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.
4 მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა.
5 ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე.
6 შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ.
7 ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
8 რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
9 მათთვის გევედრები: სოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი.
10 ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი. და მე მათში განვდიდდი.
11 მე აღარა ვარ სოფელში, მაგრამ ისინი არიან სოფელში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ.
12 როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე, და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.
13 ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას სოფელში ვლაპარაკობ, რათა აივსნენ ჩემი სიხარულით.
14 მე მათ მივეცი შენი სიტყვა და სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან სოფლისანი, როგორც მე არა ვარ სოფლისა.
15 არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან.
16 ისინი სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ სოფლისა.
17 განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.
18 როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში.
19 ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში.
ლოცვა ყველასათვის
20 „მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით.
21 რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე.
22 და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.
23 მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
24 მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე.
25 მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე.
26 მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო“.
ლოცვა მოწაფეთათვის
1 ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.
2 ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
3 და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.
4 მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.
5 და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.
6 გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს.
7 და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს.
8 რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.
9 მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.
10 და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.
11 და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.
12 ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.
13 ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.
14 მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან.
15 არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან.
16 სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.
17 წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს.
18 ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად.
19 და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით.
ლოცვა ყველასათვის
20 და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;
21 რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
22 და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.
23 მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.
24 მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.
25 მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
26 და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.