იესო გაცემულია
1 ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებითურთ კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები.
2 იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.
3 მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით.
4 ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?
5 მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა.
6 როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
7 კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო ნაზარეველს.
8 მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ.
9 რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მე მომეცი, არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს.
პეტრემ მახვილი იშიშვლა
10 ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი.
11 მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?
12 მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი.
13 და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.
14 სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
15 მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
16 პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე.
17 ხოლო მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ.
18 რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა.
იესო მღვდელმთავრების წინაშე
19 ხოლო მღვდეღმთავარმა ჰკითხა იესოს, ვინ იყვნენ მისი მოწაფეები, ან რას ასწავლიდა იგი.
20 იესომ მიუგო: მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას; გამუდმებით ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან იკრიბებიან იუდეველნი, და ფარულად არა მითქვამს რა.
21 მე რას მეკითხები? მსმენელებს ჰკითხე, რას ველაპარაკებოდი მათ. აი, მათ იციან, რასაც ვამბობდი.
22 ეს რომ თქეა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა იესოს და უთხრა: ასე მიუგებ მღვდელმთავარს?
23 უთხრა მას იესომ: თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად - რატომღა მცემ?
24 მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.
უარყოფა პეტრესგან
25 სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ.
26 მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?
27 კვლავ უარყო პეტრემ, და მყისვე იყივლა მამალმა.
პილატეს სამსჯავროზე
28 ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა.
29 გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?
30 მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტმთქმედი არ იყოს. შენ როდი გადმოგცემდით.
31 უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება.
32 რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
33 კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე?
34 იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?
35 მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე?
36 მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.
37 უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.
38 უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
39 ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.
40 მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო.
იესო გაცემულია
1 ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები.
2 იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.
3 იუდამ კი წაიყვანა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან მხლებელნი, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურველით.
4 იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, და გამოვიდა და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?“
5 მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს“. ეუბნება მათ: „მე ვარ“. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
6 როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ.
7 კვლავ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველს“.
8 მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ-მეთქი. მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ“.
9 რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიღუპავს“.
პეტრემ მახვილი იშიშვლა
10 სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოსი ერქვა.
11 უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამამ მომცა არ შევსვა?“
12 მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს
13 და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.
14 ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
15 იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში შევიდა.
16 პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, გადაულაპარაკა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა.
17 ეუბნება პეტრეს მხევალი მეკარე: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: „არა ვარ“.
18 იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.
იესო მღვდელმთავრების წინაშე
19 მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე.
20 მიუგო მას იესომ: „მე აშკარად ველაპარაკებოდი სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია.
21 მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი“.
22 ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა მსახურთაგანმა, იქ მდგომმა, გაარტყა იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“
23 მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად - რადა მცემ?“
24 ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.
უარყოფა პეტრესგან
25 სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: „არა ვარ“.
26 მღვდელმთავრის ერთერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმის ნათესავმა, უთხრა: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“
27 პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა.
პილატეს სამსჯავროზე
28 კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.
29 გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“
30 მიუგეს და უთხრეს მას: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით“.
31 უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განიკითხეთ“. უთხრეს მას იუდეველებმა: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს“.
32 რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
33 პილატე კვლავ შევიდა პრეტორიუმში, იესოს დაუძახა და უთხრა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“
34 მიუგო იესომ: „შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“
35 მიუგო პილატემ: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?“
36 მიუგო იესომ: „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა. ჩემი მეფობა რომ ამ სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის“.
37 უთხრა მას პილატემ: „მაშ, მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: „შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი სოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას“.
38 ეუბნება მას პილატე: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს თქვა და კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
39 ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“
40 კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს კი არა, ბარაბა“. ბარაბა კი ავაზაკი იყო.
იესო გაცემულია
1 ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი.
2 იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით.
3 ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა.
4 ხოლო იესუ იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?
5 მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა.
6 და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.
7 მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა.
8 ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ.
9 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.
პეტრემ მახვილი იშიშვლა
10 ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ.
11 ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?
12 ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი.
13 და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ.
14 ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.
15 მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა.
16 ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.
17 ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ.
18 დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა.
იესო მღვდელმთავრების წინაშე
19 ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.
20 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე.
21 რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ.
22 და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა?
23 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ?
24 და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა.
უარყოფა პეტრესგან
25 ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვარ.
26 ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან – ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა?
27 და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.
პილატეს სამსჯავროზე
28 და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი.
29 გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა?
30 მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.
31 ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ.
32 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ.
33 კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?
34 ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?
35 მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს?
36 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.
37 ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ.
38 ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა.
39 ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?
40 კუალად უკუე ღაღატ-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი.