ღმერთი არის სული
1 ხოლო როცა უფალმა გაიგო, ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანეო
2 (თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები). -
3 მიატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.
4 ხოლო გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
5 მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს.
6 იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი.
7 მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო.
8 ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად.
9 და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან.
10 მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ.
11 ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი?
12 ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?
13 მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
14 მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
15 უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.
16 უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი.
17 მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო.
18 ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი.
19 უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20 ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.
21 ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22 თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.
23 მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს.
24 ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.
25 ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ.
26 მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე.
27 ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას ელაპარაკებით?
28 ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა:
29 მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?
30 გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
მომწიფდა სამკალად
31 ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: რაბი, ჭამე!
32 იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.
33 მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?
34 უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
35 განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36 მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც.
37 ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე მკისო.
38 მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში.
სამარიელებმა იწამეს იესო
39 და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო.
40 ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ.
41 და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო.
42 ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე.
43 ხოლო ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას გაემართა.
44 ვინაიდან თვით იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არა აქვს თავის მამულში.
45 გალილეაში რომ მივიდა, იქაურებმა მიიღეს იგი, რადგანაც ყველაფერი ეხილათ, რაც დღესასწაულზე მოიმოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან თვითონაც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
დიდებულის შვილის განკურნება
46 ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში.
47 გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48 უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ.
49 კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე.
50 უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა.
51 შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი ძე ცოცხალიაო.
52 გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ.
53 მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო.
54 ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში.
ღმერთი არის სული
1 როცა შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს გაგებული ჰქონდათ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო,
2 (თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები),
3 დატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.
4 მას სამარიაზე უნდა გაევლო.
5 მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს.
6 იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7 მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: „წყალი დამალევინე,“
8 რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად.
9 ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)
10 მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს“.
11 ეუბნება მას ქალი: „ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12 ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?“
13 მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება.
14 ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს“.
15 ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“.
16 ეუბნება მას: „წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ“.
17 მიუგო ქალმა და უთხრა: „მე არ მყავს ქმარი“. ეუბნება მას იესო: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო,
18 რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი“.
19 ეუბნება მას ქალი: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20 ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს“.
21 ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.
22 თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.
23 მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
24 ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“.
25 ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“.
26 ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება“.
27 ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
28 დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს:
29 „წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“ 30. გამოვიდნენ ქალაქიდან და გაემართნენ მისკენ.
მომწიფდა სამკალად
31 ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“
32 მან უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით“.
33 ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“
34 ეუბნება მათ იესო: „ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
35 განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36 მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ.
37 ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო.
38 მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით“.
სამარიელებმა იწამეს იესო
39 ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
40 ამიტომ, როცა მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ.
41 კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით.
42 ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სოფლის მხსნელი“.
43 ორი დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან გალილეაში.
44 რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი.
45 როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
დიდებულის შვილის განკურნება
46 ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფის მოხელე, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში.
47 როგორც კი გაიგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო.
48 უთხრა იესომ მას: „არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ“.
49 ეუბნება მას მეფის მოხელე: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ბავშვი არ მომკვდარა“.
50 ეუბნება მას იესო: „წადი, ცოცხალია შენი შვილი“. ირწმუნა კაცმა, რაც იესომ უთხრა მას, და წავიდა.
51 შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს, რომ ცოცხალია მისი ვაჟი.
52 ჰკითხა, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს, რომ გუშინ მეშვიდე საათზე გაუარაო სიცხემ.
53 ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი“. და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლმა.
54 ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
ღმერთი არის სული
1 ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს,
2 რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,
3 დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.
4 ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ.
5 და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა.
6 და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე.
7 მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.
8 რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.
9 ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა.
10 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: „მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი.
11 ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი?
12 ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.
13 მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა,
14 ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ.
15 ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.
16 ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.
17 მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი,
18 რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ.
19 ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.
20 მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ.
21 ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა.
22 თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს.
23 არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა.
24 სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.
25 ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი.
26 ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ.
27 და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?
28 დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ:
29 მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?
30 გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.
მომწიფდა სამკალად
31 და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე!
32 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით.
33 იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი?
34 ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი.
35 არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.
36 და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.
37 რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი.
38 მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.
სამარიელებმა იწამეს იესო
39 ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ.
40 და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე.
41 და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ.
42 და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე.
43 შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად.
44 რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს.
45 და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.
დიდებულის შვილის განკურნება
46 მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს.
47 ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ.
48 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს.
49 ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა.
50 ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა.
51 და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს.
52 ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან.
53 მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა.
54 ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.