განკურნება ბეთხაზდასთან<
1 შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს.
2 ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა.
3 იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.
4 ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.
5 იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით.
6 როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო?
7 ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას.
8 და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი.
9 მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.
10 ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი.
11 მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი.
12 ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო?
13 მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა.
14 ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.
15 მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი.
16 ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს.
17 ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი.
18 მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს.
იოანეს მოწმობა
19 ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს.
20 რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად.
21 ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს.
22 რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა.
23 რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
24 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
25 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
26 ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27 და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.
28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
29 და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
30 მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31 თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
32 სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის.
33 თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს.
34 თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ.
35 ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით.
36 ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული.
37 ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი.
38 და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული.
39 წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის.
40 თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
41 დიდებას არ ვიღებ კაცთაგან.
42 მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში.
43 მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ.
44 როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის?
45 ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიცა გაქვთ.
46 ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა.
47 მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?
განკურნება ბეთხაზდასთან
1 ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმს.
2 იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან, აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხაზდა ეწოდება, და ხუთი სტოა აქვს.
3 იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ,
4 რადგან უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა დროდადრო აუზში და ამღვრევდა წყალს. ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი.
5 აქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სენით.
6 იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია, და უთხრა: „გინდა, განიკურნო?“
7 მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ, სხვა მასწრებს“.
8 ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“.
9 და მაშინვე გაჯანსაღდა ეს კაცი. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო.
10 უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია. ნება არა გაქვს სარეცლის აღებისა“.
11 მან მიუგო მათ: „ვინც განმკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო“.
12 ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?“
13 განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილას მყოფ ბრბოს შეერია.
14 ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: „აჰა, შენ გაჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რამე უარესი არ დაგემართოს“.
15 ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესოა მისი განმკურნებელი.
16 იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.
17 იესომ მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“.
18 ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.
იოანეს მოწმობა
19 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
20 რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს, ისეთებს რომ გაგიკვირდებათ.
21 რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვისი გაცოცხლებაც სურს.
22 რადგან მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა,
23 რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, ის არც მამასა სცემს პატივს, მის მომავლინებელს.
24 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე და განკითხვაზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.
25 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე არის ახლა, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც მას მოისმენენ, იცოცხლებენ.
26 რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27 სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი.
28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ.
29 კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.
30 ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ, და ჩემეული განკითხვა სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31 თუ მე ვმოწმობ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არაა ჭეშმარიტი.
32 სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე.
33 თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება.
34 თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.
35 იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში.
36 მე კი მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა.
37 და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი გიხილავთ მისი.
38 მისი სიტყვა არა გაქვთ შეწყნარებული, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა.
39 იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ.
40 თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ.
41 დიდებას არ ვღებულობ კაცთაგან,
42 მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.
43 მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ.
44 როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისაგან არ ეძებთ?
45 ნუ გგონიათ, რომ მამის წინაშე მე დაგდებთ ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიცა გაქვთ.
46 რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემზე დაწერა.
47 ხოლო, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორ იწამებთ ჩემს სიტყვებს?“
განკურნება ბეთხაზდასთან
1 ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ.
2 და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო.
3 ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა.
4 რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა.
5 იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა.
6 ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო?
7 მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის.
8 ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!
9 და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი.
10 ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი.
11 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!
12 ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?
13 ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას.
14 ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ.
15 წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.
16 და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა.
17 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ.
18 ამისთჳს უფროჲს ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა.
იოანეს მოწმობა
19 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს.
20 რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.
21 რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.
22 არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა,
23 რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი.
24 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.
25 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ.
26 რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.
27 და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს.
28 ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.
29 და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.
30 არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.
31 უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ.
32 სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელსა წამებს ჩემთჳს.
33 თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი.
34 ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხონდეთ.
35 იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა.
36 ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე.
37 და რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან წამა ჩემთჳს. თქუენ არცა ჴმაჲ მისი გესმა სადამე, არცა ხატი მისი იხილეთ.
38 და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ, რამეთუ რომელი-იგი მოავლინა ღმერთმან, ესე თქუენ არა გრწამს.
39 გამოიძიებდით წიგნთა, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ შინა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს.
40 და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს.
41 დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო.
42 არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.
43 მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ.
44 ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ.
45 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ.
46 უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.
47 უკუეთუ მისთა წიგნთაჲ არა გრწამს, ჩემთა სიტყუათაჲ ვითარ-მე გრწმენეს?