იესოს ძმებსაც არ სწამთ მისი
1 ამის შემდეგ იესო დადიოდა გალილეაში და არ უნდოდა იუდეაში ევლო, ვინაიდან იუდეველები მოსაკლავად ეძებდნენ მას.
2 მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა.
3 და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეესმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი.
4 ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი.
5 ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის.
7 თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი.
8 თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი.
9 ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა.
იესო ცხადად ასწავლის ტაძარში
10 მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად.
11 იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?
12 და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო.
13 თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?
16 მიუგი, იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.
17 ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში.
19 განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად?
20 მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეუღი ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად?
21 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ერთი საქმე ვქმენ და ყველას გიკვირთ.
22 მოსემ მოგცათ წინადაცვეთა (თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს) და შაბათ დღეს წინადაცვეთავთ კაცს.
23 თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯულღი, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს?
24 იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ.
25 ხოლო ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ხომ არ არის, ვისაც მოსაკლავად ეძებენ?
26 აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე?
27 მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სადაურია; ქრისტე კი, როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.
28 მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა.
სიცოცხლის წყალზე
30 ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.
31 ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?
32 ეს მითქმა-მთთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 ხოლო იესომ თქვა: ცოტა ხანსაც დავყოფ თქვენთან და ჩემს მომავლინებელს მივუბრუნდები.
34 ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ იქ.
35 ხოლო იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? იქნებ ბერძენთა შორის განთესილებში აპირებს წასვლას, რათა ასწავლოს ბერძნებს?
36 ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ თქო.
37 ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.
38 ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
39 ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.
40 ამის გაგონებაზე ბევრმა თქვა ხალხში: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი.
41 მეორენი ამბობდნენ: ეს არის ქრისტე; სხვები კი კითხულობენ: განა ქრისტე გალილეიდან მოვა?
42 წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი.
43 და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში.
44 ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი.
არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია
45 მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი?
46 მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.
47 ფარისევლებმა უთხრეს მათ: ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი?
49 მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია.
50 უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო:
51 განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა?
52 მიუგეს და უთხრეს: იქნებ შენც გალილეველი ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი.
53 და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
იესოს ძმებსაც არ სწამთ მისი
1 ამის შემდეგ იესო გალილეაში მიმოდიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ.
2 ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობა.
3 უთხრეს მას მისმა ძმებმა: „წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ,
4 რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე სოფელს“.
5 რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 ეუბნება მათ იესო: „ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მოწეულია.
7 სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.
8 თქვენ ადით დღესასწაულზე. მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა“.
9 ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში.
იესო ცხადად ასწავლის ტაძარში
10 მაგრამ როცა მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?
12 ხალხში ბევრი მითქმამოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო.
13 ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.
14 უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო?
16 მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ - ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში.
19 განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“
20 მიუგო ხალხმა: „ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?“
21 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ხალხი განვკურნე შაბათს?
24 ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ“.
25 თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: „ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა?
27 მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის“.
28 შესძახა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: „მე მიცნობთ და იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა“.
სიცოცხლის წყალზე
30 ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ დამდგარიყო.
31 ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“
32 მოისმინეს ფარისევლებმა ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა.
33 თქვა იესომ: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან.
34 ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ“.
35 უთხრეს ერთმანეთს იუდეველებმა: „სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლას?
36 ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?“
37 დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას.
38 ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“.
39 ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო.
40 ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების გაგონებაზე თქვა: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია“.
41 სხვებმა თქვეს: „ეს ქრისტეა“. სხვები ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“
43 და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო.
44 ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.
არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია
45 მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“
46 მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“.
47 მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი?
49 მაგრამ ეს ხალხი, რჯულის უმეცარი, დაწყევლილია“.
50 ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო:
51 „განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“
52 მიუგეს და უთხრეს მას: „შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება“.
53 ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.
იესოს ძმებსაც არ სწამთ მისი
1 ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.
2 ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ.
3 ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ.
4 რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.
5 რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.
6 ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს.
7 ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან.
8 თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს.
9 ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას.
იესო ცხადად ასწავლის ტაძარში
10 და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად.
11 ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?
12 და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა.
13 და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.
14 და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა.
15 უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად?
16 მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ.
17 უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ.
18 რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.
19 ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?
20 მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?
21 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკჳრს.
22 ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან.
23 უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა?
24 ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ.
25 იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?
26 აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე?
27 არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს.
28 ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით.
29 ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.
სიცოცხლის წყალზე
30 ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
31 და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?
32 და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი.
33 და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა.
34 მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად.
35 იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა?
36 რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?
37 და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ.
38 და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი.
39 ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ.
40 მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყუაჲ ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი.
41 სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე?
42 არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე?
43 და განწვალებაჲ იყო მისთჳს ერსა შორის.
44 და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა.
არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია
45 მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი?
46 მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი.
47 მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: თქუენცა ნუუკუე შე-ვე-ცთომილ ხართა?
48 ნუუკუე მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენაა მისი ანუ ფარისეველთა?
49 არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, დაწყეულ არიან.
50 ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი:
51 ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?
52 მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს.
53 და წარვიდა კაცად-კაცადი სახიდ თჳსად.