მრუში დედაკაცის მიტევება
1 ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია.
2 დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს
4 და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით;
5 მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?
6 ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.
7 მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
8 მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.
9 ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი.
10 წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?
11 მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ.
„მე ვარ ნათელი სოფლისა“
12 ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.
13 ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
14 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ.
15 თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი.
16 მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.
17 რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა.
19 ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას.
20 ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.
„მე კი სოფლისა არა ვარ“
21 კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ.
22 იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო?
23 და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური.
24 ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.
25 მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით?
26 ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი.
27 მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას.
28 და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ.
29 ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.
30 ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.
33 მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო?
34 მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა.
35 მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს.
36 ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით.
ვინც ღვთისაგან არის, ის ისმენს ღვთის სიტყვას
37 ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ.
39 მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით.
40 ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.
41 თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი.
42 უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას.
44 თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.
45 მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი.
46 რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
47 ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ.
იუდეველების ბრალდება
48 მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული?
49 მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ.
50 მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი.
51 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.
52 იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო.
53 ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი?
54 მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო.
55 და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას.
56 მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.
57 იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?
58 უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ.
59 მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.
მრუში დედაკაცის მიტევება
1 იესო წავიდა ზეთისხილის მთისკენ.
2 დილით კი შებრუნდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა და მჯდომარე ასწავლიდა მათ.
3 მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
4 ეუბნებიან მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული.
5 მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“
6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
7 რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!“
8 კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე.
9 ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი, და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი.
10 წამოიმართა იესო, ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“
11 უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“.
„მე ვარ ნათელი სოფლისა“
12 კვლავ ელაპარაკა მათ იესო და უთხრა: „მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“.
13 უთხრეს მას ფარისევლებმა: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი“.
14 მიუგო იესომ მათ და უთხრა: „მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის არ განვიკითხავ. 16. მე თუ განვიკითხავ, ჩემეული განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი“.
17 თქვენს რჯულშიც სწერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.
19 უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ“.
20 ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი ჟამი.
„მე კი სოფლისა არა ვარ“
21 კვლავ უთხრა მათ იესომ: „მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ“.
22 თქვეს იუდეველებმა: „თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?“
23 უთხრა მათ: „თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ სოფლისანი ხართ, მე კი სოფლისა არა ვარ.
24 ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებითმეთქი. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით“.
25 უთხრეს მას: „ვინ ხარ შენ?“ უთხრა მათ იესომ: „თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ:
26 ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და განსაკითხველი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ სოფელზე“.
27 ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28 უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29 ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი“.
30 როცა ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“.
33 მიუგეს მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?“
34 მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.
35 მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ; ძე რჩება საუკუნოდ.
36 თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
ვინც ღვთისაგან არის, ის ისმენს ღვთის სიტყვას
37 ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ“.
39 მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: „თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით.
40 ახლა კი ჩემს მოკვლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41 თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ“. უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთი მამა გვყავს - ღმერთი“.
42 უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44 თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45 ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არა გწამთ ჩემი.
46 რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
47 ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“.
იუდეველების ბრალდება
48 მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“
49 მიუგო იესომ: „ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიომყობთ მე.
50 თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
51 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე“.
52 უთხრეს მას იუდეველებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, არ იგემებსო სიკვდილს უკუნისამდე.
53 განა შენ ჩვენს მამა აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. რა გგონია შენი თავი?“
54 მიუგო იესომ: „მე თუ ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55 თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვინახავ მის სიტყვას.
56 აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა“.
57 უთხრეს მას იუდეველებმა: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“
58 უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“.
59 მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან.
მრუში დედაკაცის მიტევება
1 ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა.
2 და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.
3 ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს
4 და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა.
5 და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ?
6 ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.
7 და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა.
8 და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა.
9 ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის.
10 ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ?
11 ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ.
„მე ვარ ნათელი სოფლისა“
12 მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ.
13 ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ.
14 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ.
15 თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი.
16 უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
17 რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.
18 მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
19 ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.
20 ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.
„მე კი სოფლისა არა ვარ“
21 მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.
22 იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?
23 და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ.
24 გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.
25 ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ.
26 მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა.
27 ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.
28 მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ.
29 და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.
30 ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.
31 და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.
32 და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.
33 მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?
34 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.
35 და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.
36 უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.
ვინც ღვთისაგან არის, ის ისმენს ღვთის სიტყვას
37 უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის.
38 მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.
39 მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.
40 ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.
41 ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.
42 ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.
43 რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად.
44 თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.
45 ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი.
46 ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი?
47 რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.
იუდეველების ბრალდება
48 მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა?
49 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.
50 ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის.
51 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.
52 ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.
53 ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?
54 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.
55 და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.
56 აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.
57 ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?
58 ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.
59 აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.