წიგნის მიძღვნა
1 რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა,
2 როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი,
3 მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე,
4 რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია.
წინასწარუწყება იოანე ნათლისმცემელზე
5 იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.
6 ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს.
7 მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ.
8 ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე,
9 მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში.
10 ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას.
11 მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე.
12 მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა.
13 ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.
14 გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.
15 ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.
16 და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ.
17 უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი.
18 უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული.
19 მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს.
20 აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს.
21 ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში.
22 და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ.
23 ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა.
24 იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა:
25 ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.
ხარება
26 ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი,
27 ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი.
28 შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.
29 ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო?
30 ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე.
31 აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს.
32 დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს.
33 საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.
34 ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი?
35 მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი.
36 აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი,
37 რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.
38 ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.
„ადიდებს სული ჩემი უფალსა!“
39 ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს.
40 შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი.
41 როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი.
42 ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!
43 ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა?
44 ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში.
45 ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.
46 და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
47 გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.
48 ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;
49 რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.
50 წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.
51 მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.
52 დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
53 სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
54 შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.
55 როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.
56 სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
იოანეს შობა
57 ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე.
58 გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.
59 მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია.
60 მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას.
61 უთხრეს: არავინა გვყავს გვარში ისეთი, რომ ეგ სახელი ერქვას.
62 და ნიშნებით ეკითხებოდნენ მამამისს, რა სურდა დაერქმია მისთვის.
63 ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი. და უკვირდა ყველას.
64 მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს.
65 შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელს მთიანეთს მოედო ეს ამბავი.
66 ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.
67 ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.
69 აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში.
70 როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:
71 რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;
73 თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,
74 მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად
75 და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე.
76 ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.
77 და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის შემეცნება.
78 ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.
79 რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.
80 ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს.
წიგნის მიძღვნა
1 რაკი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას,
2 როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია.
წინასწარუწყება იოანე ნათლისმცემელზე
5 იუდეის მეფის, ჰეროდეს, დღეებში იყო მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მისი ცოლი იყო აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.
6 ისინი ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უმწიკვლოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით.
7 მათ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი ბერწი იყო, და ორივენი უკვე ხანგადასულნი იყვნენ.
8 ერთხელ, როცა თავისი ყოველდღიური რიგისამებრ, მსახურებდა ღვთის წინაშე,
9 მღვდელთა სამსახურის წესით, მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში.
10 უამრავი ხალხი ლოცულობდა გარეთ კმევის დროს, -
11 ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი.
12 და შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას.
13 უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს.
14 გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისაკენ - მათი ღვთისაკენ.
17 და ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულები შვილთა მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი“.
18 უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: „რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია“.
19 მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: „მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროზე“.
21 ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში.
22 როცა გამოვიდა, მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ანიშნებდა მათ და დარჩა უტყვად.
23 და როცა დასრულდა მისი მსახურების დღენი, შინ წავიდა.
24 იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 „ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ადამიანთა თვალში“.
ხარება
26 მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი,
27 ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი.
28 და შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის“.
29 ის შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება?
30 და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ.
32 დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს. 33. და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“.
34 უთხრა მარიამმა ანგელოზს: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“
35 მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ.
36 აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე.
37 ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი“.
38 თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ“. და განეშორა მას ანგელოზი.
„ადიდებს სული ჩემი უფალსა!“
39 ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 და შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს.
41 როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში. და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით.
42 და დაიძახა ხმამაღლა და თქვა: „კურთხეული ხარ დედათა შორის, და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!
43 ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ“.
46 და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა,
47 და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა.
49 ვინაიდან დიდი საქმე მიყო ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი.
50 და მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე.
51 ქმნა სიმტკიცე თავისი მკლავით; გაფანტა ამპარტავანნი მათი გულისზრახვებთან ერთად;
52 ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 მშიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელცარიელი გაუშვა;
54 შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს - აბრაამს და მის მოდგმას საუკუნოდ“.
56 დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს და დაბრუნდა თავის სახლში.
იოანეს შობა
57 ელისაბედს კი დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ.
59 მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მამამისის სახელი - ზაქარია.
60 მიუგო დედამისმა და თქვა: „არა, იოანე ერქმევა მას“.
61 უთხრეს მას, რომ შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას.
62 ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 და ფიცარი მოითხოვა და დაწერა: „იოანეა მისი სახელი“. და ყველას გაუკვირდა ეს.
64 უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და ადიდა ღმერთი.
65 შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა. და ყოველივე ამაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო მთელი იუდეის მთიანეთში.
66 ყველამ, ვინც მოისმინა ეს, გულში ჩაიდო და თქვა: „რა იქნება ეს ყრმა?“ და უფლის ხელი იყო მასთან.
67 მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რადგან მოხედა თავის ხალხს და გაუმზადა მას გამოსყიდვა.
69 აღგვიდგინა რქა ხსნისა თავისი მსახურის, დავითის სახლში,
70 როგორც ელაპარაკებოდა ძველთაგანვე თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;
73 ფიცს, რომლითაც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ,
74 ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ,უშიშრად
75 გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლე.
76 და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით,
78 ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან,
79 ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე“.
80 ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
წიგნის მიძღვნა
1 ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის,
2 ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის,
3 ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე,
4 რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.
წინასწარუწყება იოანე ნათლისმცემელზე
5 იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.
6 და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.
7 და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.
8 და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა,
9 მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა.
10 და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.
11 და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაჲსა.
12 და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა.
13 ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე.
14 და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.
15 რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.
16 და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა.
17 და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.
18 და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?
19 მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას.
20 და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა.
21 და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა.
22 და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.
23 და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.
24 და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა,
25 ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის.
ხარება
26 და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,
27 ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.
28 და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.
29 ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?
30 და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
31 და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ.
32 ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ.
33 და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.
34 ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?
35 მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.
36 და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.
37 რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ.
38 ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
„ადიდებს სული ჩემი უფალსა!“
39 და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა.
40 და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ.
41 და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.
42 და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
43 და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?
44 რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.
45 და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.
46 და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,
47 და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
48 რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
49 რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,
50 და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
51 ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
52 დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი;
53 მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
54 შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა.
55 ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
56 და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.
იოანეს შობა
57 ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა ძე.
58 და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს.
59 და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია.
60 და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე.
61 და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე.
62 და წამუყოფდეს მამასა მისსა, რაჲ-ძი უნდეს სახელის-დებად მისა.
63 და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და დაუკჳრდა ესე ყოველთა.
64 და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.
65 და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი.
66 და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყოს მის ზედა.
67 და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა:
68 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ;
69 და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისა;
70 ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა,
71 ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა;
72 ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა;
73 ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა
74 უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა,
75 მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
76 და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,
77 მიცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებად ცოდვათა მათთაჲთა,
78 რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით
79 გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზათა მშჳდობისასა.
80 ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.