განკურნება შაბათს
1 მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას.
2 და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი.
3 მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს?
4 ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა.
5 და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?
6 ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას.
უპოვართა მოწვევა ნადიმზე
7 როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:
8 ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს:
9 შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა.
10 ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.
11 რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
12 ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.
13 არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.
14 და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.
15 ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში.
მოწვეულთა უარი
16 ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.
17 როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.
18 მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.
19 მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო.
20 მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.
21 დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.
22 მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.
23 მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი.
24 რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.
საკუთარი ჯვრის ტარება
25 მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ:
26 თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
27 ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
28 რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?
29 რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა
30 და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.
31 ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?
32 თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს.
33 ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
34 კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ?
35 აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
განკურნება შაბათს
1 ერთხელ, როცა შევიდა იგი ფარისეველთა რომელიღაც მთავრის სახლში შაბათს პურის საჭმელად და ისინი უთვალთვალებდნენ მას,
2 აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული.
3 მიუგო იესომ და უთხრა რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“
4 ისინი დუმდნენ. და შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.
5 და მათ უთხრა: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?“
6 და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის მიცემა.
უპოვართა მოწვევა ნადიმზე
7 უთხრა წვეულებს იგავი, როცა შეამჩნია, რომ წინა ადგილებს ირჩევდნენ, და უთხრა მათ:
8 „თუ ვინმემ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული, 9. რომ არ მოვიდეს შენი და მისი მაწვევარი და არ გითხრას: �დაუთმე ამას ადგილი! � მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი.
10 მაგრამ როცა მოგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: �მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!� მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე.
11 ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება“.
12 თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო,
13 არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები.
14 ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება“.
15 ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში“.
მოწვეულთა უარი
16 მან კი უთხრა მას: „ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია.
17 პურობის დრომ რომ მოაღწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.
18 ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო;
19 მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო;
20 მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო.
21 დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: „გადი სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები“.
22 და უთხრა მონამ: „ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი“.
23 და უთხრა ბატონმა მონას: „გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი,
24 რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!“
საკუთარი ჯვრის ტარება
25 მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა:
26 „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
27 ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
28 რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?
29 რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს,
30 და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.
31 ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი, ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს?
32 თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის, და ზავსა სთხოვს.
33 ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას.
34 მარილი კარგია, მაგრამ, თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს?
35 არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“
განკურნება შაბათს
1 და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას.
2 და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა.
3 მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ?
4 ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა.
5 და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა?
6 და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.
უპოვართა მოწვევა ნადიმზე
7 და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეასწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ:
8 რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან;
9 და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად.
10 არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინჴეთა შენთა.
11 რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს.
12 ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ.
13 არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა,
14 და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუს, რაჲმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.
15 ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე, და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა!
მოწვეულთა უარი
16 ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა.
17 და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა, რაჲთა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი.
18 და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან.
19 და სხუამან თქუა: უღლეული ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ.
20 და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მოსლვად.
21 და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა.
22 და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაჲ შენი, და ადგილი არსღა.
23 და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახელი ჩემი.
24 ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.
საკუთარი ჯვრის ტარება
25 და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ:
26 რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
27 და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
28 ვის-მე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არა-მეა პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე.
29 ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა, და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა
30 და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად.
31 ანუ რომელი მეფე მივალნ სხჳსა მეფისა ბრძოლად, არა-მე პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალსა მის ზედა?
32 უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა არნ, მოციქული მიუვლინის და მოიკითხის იგი მშჳდობით.
33 ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
34 კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?
35 არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!