დაკარგულ ცხვარზე

1 ის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას.

2 ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო.

3 და უთხრა მათ ეს იგავი:

4 ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას?

5 და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე;

6 შინ მოსული დაუძახებს მებობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე.

7 გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული.

დაკარგულ დრაქმაზე

8 ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის?

9 ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე.

10 გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო.

ძე შეცთომილი

11 მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა;

12 უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება.

13 ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.

14 როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.

15 წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად.

16 ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა.

17 გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები.

18 ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე.

19 და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.

20 ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო.

21 შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.

22 ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით.

23 მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.

24 რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.

25 ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა.

26 მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია?

27 მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო.

28 ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო.

29 მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა.

30 სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი.

31 ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია.

32 ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარუღთთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.