ცდუნება, მიტევება, რწმენა და მორჩილება
1 და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ.
2 უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან, ვიდრე აცთუნოს თუნდაც ერთი ამ მცირეთაგანი.
3 დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.
4 დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე.
5 და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.
6 ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ.
7 მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?
8 თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.
9 ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია.
10 ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.
მადლიერი სამარიელი და ცხრა უმადური
11 მოხდა ისე, რომ იერუსალიმს მიმავალი მიდიოდა სამარიასა და გალილეას შორის.
12 ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ
13 და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!
14 ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ.
15 ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს.
16 იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი.
17 მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი?
18 არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა.
19 უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
იმ დღეს, როცა ძე კაცისა გამოჩნდება
20 ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;
21 ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.
22 და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.
23 გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით.
24 ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს.
25 მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოდგმის მიერ.
26 და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც.
27 ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.
28 ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ;
29 მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას.
30 ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა.
31 იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე ნუ მიბრუნდება უკან.
32 გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
33 რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას.
34 გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.
35 ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.
36 ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.
37 და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
ცდუნება, მიტევება, რწმენა და მორჩილება
1 უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა.
2 მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.
3 ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე.
4 დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე“.
5 უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა“.
6 თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ.
7 რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს - მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო?
8 განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?
9 ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია.
10 ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“.
მადლიერი სამარიელი და ცხრა უმადური
11 ერთხელ იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.
12 ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ.
13 ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“
14 ისინი რომ დაინახა, უთხრა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს“. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.
15 ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს.
16 პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო.
17 მიუგო იესომ და თქვა: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრა სადღა არის?
18 როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“
19 უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა“.
იმ დღეს, როცა ძე კაცისა გამოჩნდება
20 ჰკითხეს მას ფარისევლებმა: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ : „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ.
21 არც იტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“.
22 უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.
23 გეტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით.
24 ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისა თავის დღეს.
25 ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ.
26 და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც:
27 ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა.
28 ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.
29 ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა.
30 ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.
31 იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ გაბრუნდება.
32 გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
33 ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას.
34 თქვენ გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება.
35 ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვნენ, მეორე დარჩება.
36 ორნი იქნებიან მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება“.
37 მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები“.
ცდუნება, მიტევება, რწმენა და მორჩილება
1 ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს!
2 უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა.
3 არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.
4 დაღათუ შჳდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შჳდ-გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას.
5 და ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: შემძინე ჩუენ სარწმუნებაჲ!
6 ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთმცა ლეღუსულელსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა შინა, ისმინამცა თქუენი.
7 ვის-მე თქუენგანსა მონაჲ ესუას მჴნველი გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით, და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოჴედ და დაჯედ!
8 ანუ არა-მე ჰრქუასა მას: მზა-მიყავ მე, რაჲთა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამის შემდგომად ჭამე და სუ შენცა?
9 ნუუკუე მადლ-იპყრასა მონისაჲ მის, რამეთუ ყო ბრძანებაჲ მისი? არა ვჰგონებ.
10 ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ.
მადლიერი სამარიელი და ცხრა უმადური
11 და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალჱმდ და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და გალილეასა.
12 და შე-რაჲ-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს.
13 და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ!
14 და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან.
15 ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა.
16 და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი.
17 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?
18 ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე?
19 და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
იმ დღეს, როცა ძე კაცისა გამოჩნდება
20 ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისაჲ? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით;
21 არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს.
22 და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი, ოდეს გული-გითქუმიდეს თქუენ დღეთათჳს ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ.
23 და გრქუან თქუენ: აჰა აქა არს, და: აჰა იქი არს, ნუ განხუალთ, ნუცა შეუდგთ.
24 რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან, ვიდრე ქუეშე ცისამდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისაჲ დღეთა მისთა.
25 ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამისგან.
26 და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მით ძისა კაცისათა:
27 ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით-რღუნაჲ და წარწყმიდნა ყოველნი.
28 და ეგრევე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს;
29 და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და წუნწუბაჲ ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი.
30 ესრეთვე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს.
31 მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარე-მოიქცევინ კუალად.
32 მოიჴსენეთ ცოლისა მის ლოთისი.
33 რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი.
34 გეტყჳ თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს.
35 ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.
36 [ორნი იყვნეს ველსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს].
37 და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს.