მებაჟე ზაქე
1 შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.
2 და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი,
3 სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო;
4 წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო.
5 როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.
6 ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.
7 ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.
8 ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.
9 უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა.
10 რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.
იგავი ათ მნაზე
11 ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო;
12 ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო.
13 დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.
14 მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე.
15 როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი.
16 მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.
17 უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ.
18 მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიგო.
19 და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ.
20 მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი,
21 რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს.
22 უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
23 მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ?
24 და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.
25 მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს.
26 გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
27 ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.
ზეიმით შესვლა იერუსალიმში და იესოს განდიდება
28 ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას.
29 როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე,
30 და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ.
31 ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო.
32 წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა.
33 ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ ხსნით ჩოჩორს?
34 ხოლო მათ უთხრეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდებაო.
35 მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი.
36 ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.
37 როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.
38 ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა!
39 ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.
40 ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.
იესოს გოდება იერუსალიმზე
41 როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,
42 და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
43 ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;
44 მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.
მოვაჭრეთა გამორეკვა
45 შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა.
46 და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
47 იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდეღმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ;
48 მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.
მებაჟე ზაქე
1 შევიდა და გაიარა იერიხოზე.
2 და აჰა, იყო კაცი ვინმე, სახელად ზაქე - მებაჟეთა უფროსი და მდიდარი.
3 სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო.
4 წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.
5 იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“.
6 სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.
7 ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოჰყვნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდაო.
8 ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ“.
9 უთხრა მას იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა.
10 რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად“.
იგავი ათ მნაზე
11 როცა ისინი ისმენდნენ ამას, მან დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მათ ეგონათ, უეცრივ გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი.
12 ამის გამო თქვა: „ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.
13 დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.
14 მაგრამ მის მოქალაქეებს სძულდათ იგი და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს: „არა გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე“.
15 როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა.
16 მოვიდა პირველი და უთხრა: „ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო“.
17 უთხრა მას: „კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება“.
18 მოვიდა მეორე და უთხრა: „ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა“.
19 მასაც უთხრა: „შენც ხუთ ქალაქზე იყავ“.
20 მესამე მოვიდა და უთხრა: „ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,
21 ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს“.
22 უთხრა მას: „შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესია.
23 აბა, რაღატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?“
24 და იქ მდგომთ უთხრა: „წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს“.
25 მათ უთხრეს: „უფალო, მას ათი მნა აქვს“.
26 „გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.
27 ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე“.
ზეიმით შესვლა იერუსალიმში და იესოს განდიდება
28 თქვა ეს და წინ წავიდა იერუსალიმში ასასვლელად.
29 როცა მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, მიავლინა ორი მოწაფე.
30 უთხრა მათ: „წადით მეზობელ სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა. აუშვით და მოიყვანეთ.
31 თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ უშვებთო, ასე უთხარით: უფალს სჭირდებათქო“.
32 წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა.
33 და როცა ჩოჩორს უშვებდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ უშვებთ ამ ჩოჩორს?“
34 მათ თქვეს: „იმიტომ, რომ უფალს სჭირდება“.
35 მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო.
36 როცა იგი მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა.
37 როცა ზეთისხილის მთის დაღმართს მიუახლოვდა, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღვთის ქება-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს.
38 ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“
39 ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს“.
40 მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“.
იესოს გოდება იერუსალიმზე
41 როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო.
42 და თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.
43 რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან.
44 მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ გაიგე შენი მოხედვის ჟამი“.
მოვაჭრეთა გამორეკვა
45 შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.
46 უთხრა მათ: „დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს“. თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი“.
47 და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი ცდილობდნენ მის დაღუპვას.
48 მაგრამ ვერაფერი მოიგონეს, რა უნდა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.
მებაჟე ზაქე
1 და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ.
2 და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად.
3 და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.
4 და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.
5 და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.
6 და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.
7 და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად.
8 აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.
9 ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.
10 რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.
იგავი ათ მნაზე
11 და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.
12 და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.
13 და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.
14 ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაჲ ჩუენ ზედა.
15 და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მათ მონათაჲ, რომელთადა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს.
16 და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი.
17 ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.
18 და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო.
19 ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა.
20 და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,
21 რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი.
22 და ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი.
23 და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი.
24 და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელს-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.
25 და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.
26 გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.
27 ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.
ზეიმით შესვლა იერუსალიმში და იესოს განდიდება
28 და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.
29 და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი.
30 და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე.
31 და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
32 და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.
33 და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას?
34 ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
35 და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა.
36 და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.
37 და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი,
38 და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!
39 და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!
40 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.
იესოს გოდება იერუსალიმზე
41 და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა
42 და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.
43 რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო.
44 და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.
მოვაჭრეთა გამორეკვა
45 და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა
46 და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.
47 და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად.
48 და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.