იესოს შობა

1 მ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში.

2 ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას.

3 და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად.

4 წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო,

5 რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო.

6 და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა.

7 და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის.

8 იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით.

9 და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით.

10 ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი.

11 რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.

12 და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში.

13 ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:

14 დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის.

15 და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა.

16 სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.

17 და ხილვისთანავე გაანდეს სიტყვა, ყრმისთვის რომ ეუწყა მათ.

18 და ყველა მსმენელს უკვირდა მწყემსების ნაამბობი.

19 ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში იმარხავდა.

20 გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც იხილეს და ისმინეს, როგორც ეუწყა მათ.

მირქმა

21 და როცა გასრულდა რვა დღე ყრმის წინადასაცვეთად, უწოდეს მას სახელად იესო, ჩასახვამდე დარქმეული ანგელოზის მიერ.

22 ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე,

23 (როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)

24 და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა.

25 და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სულა წმიდა იყო მასზე.

26 ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას.

27 სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით,

28 ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა:

29 აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.

30 რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი,

31 რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე,

32 ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად.

33 ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით.

34 აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად.

35 და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი.

36 იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში;

37 ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

38 სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში.

39 და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.

თორმეტი წლის იესო ტაძარში

40 ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.

41 ხოლო მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე მიდიოდნენ იერუსალიმში.

42 და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში დღესასწაულზე ავიდნენ ისინი.

43 ხოლო დღესასწაულის შემდეგ, უკან რომ გამობრუნდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა; და ვერ შენიშნეს იოსებმა და დედამისმა;

44 არამედ ეგონათ სხვებთან ერთად მოდისო, მაგრამ ერთი დღის სავალი გზა რომ გალიეს, ძებნა დაუწყეს ნათესავებსა და ნაცნობებს შორის;

45 და რაკი ვერსად იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის საძებნელად.

46 სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი; მოძღვრებს შორის ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ.

47 ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.

48 როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ.

49 და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?

50 მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები.

51 წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.

52 ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.