შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე
1 ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად.
2 და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეგ ძალა?
3 მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და მიპასუხეთ:
4 ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან?
5 ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?
6 ხოლო თუ ვიტყვით - კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.
7 და მიუგეს: არ ვიცით, საიდან.
8 ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
იგავი ავ მიწისმუშაკებზე
9 და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა.
10 როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს.
11 ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს.
12 და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი.
13 მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო.
14 მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო.
15 ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
16 მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას!
17 იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომეღიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
18 ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
19 მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
20 და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი.
მიეცით კეისრისა კეისარს
21 ჰკითხეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალს ამბობ და ასწავლი, და არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზას;
22 გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?
23 ხოლო იესომ შეიცნო მათი მზაკვრობა და უთხრა:
24 მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.
25 და უთხრა მათ: მაშ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.
26 ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ.
სადუკეველების შეკითხვა ქორწინებაზე
27 მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს:
28 მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ არ დარჩა შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას თესლი.
29 იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.
30 მოიყვანა მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა.
31 ასევე მესამემაც, ვიდრე მეშვიდემდე, და შვიდივე უშვილოდ გადაეგო.
32 ბოლოს კი ქალიც მოკვდა.
33 მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.
34 იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან;
35 ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან;
36 თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან.
37 ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდებს უფალს.
38 ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის.
მწიგნობრებმა ვეღარ გაბედეს შეკითხვა
39 ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი.
40 და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის.
41 უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
42 ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
43 ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს.
44 ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?
45 ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა:
46 ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა;
47 რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.
შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე
1 ერთ დღეს, როცა ის ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიუცვივდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად
2 და უთხრეს მას: „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“
3 მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით:
4 იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?“
5 ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, იტყვის: მაშ, რაღატომ არ იწამეთო მისი?
6 თუ ვიტყვით კაცთაგან, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო“.
7 და მიუგეს: „არ ვიცით საიდან“.
8 იესომ უთხრა მათ: „მეც არ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას“.
იგავი ავ მიწისმუშაკებზე
9 დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწისმუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით.
10 როცა დრო მოვიდა, მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწისმუშაკებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს.
11 კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა. მასაც სცემეს, გალანძღეს და ხელცარიელი გაუშვეს.
12 მერე მესამეც გაგზავნა. დაჭრეს იგი და გააგდეს გარეთ.
13 მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: „როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ“.
14 მაგრამ მიწისმუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: „ეს მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება“.
15 გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
16 მოვა, ამოწყვეტს იმ მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს ჩააბარებს“. ვინც მოისმინეს, თქვეს: „ნუმც მოხდება“.
17 მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილი: „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა“?
18 ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს“.
19 მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი სწორედ ამ დროს შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
20 უთვალთვალებდნენ მას და მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და მთავრობისათვის და განმგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ.
მიეცით კეისრისა კეისარს
21 ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.
22 შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?“
23 იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:
24 „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?“ თქვეს: კეისრისაო.
25 უთხრა მათ: „ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა - ღმერთს“.
26 ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.
სადუკეველების შეკითხვა ქორწინებაზე
27 მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
28 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
29 იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ.
30 და მეორემაც
31 და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ.
32 ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
33 ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“
34 და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან;
35 ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან,
36 ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის.
37 ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი.
38 ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია“.
მწიგნობრებმა ვეღარ გაბედეს შეკითხვა
39 მიუგო ზოგიერთმა მწიგნობარმა და უთხრა: კარგად თქვიო, მოძღვარო.
40 და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის, ხოლო მან უთხრა მათ:
41 „როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
42 თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში: �უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
43 ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.�
44 აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“
45 და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს:
46 „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე;
47 რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ“.
შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე
1 და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ,
2 ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?
3 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე:
4 ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან?
5 ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?
6 და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად.
7 და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო.
8 და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.
იგავი ავ მიწისმუშაკებზე
9 და იწყო იგავით სიტყუად მათა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა მრავალთა ჟამთა.
10 და ჟამსა თჳსსა მიუვლინა მოქმედთა მათ მონაჲ, რაჲთა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი.
11 და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი.
12 მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და გამოაძეს იგი.
13 და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ.
14 ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის-მოქმედთა მათ, ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი.
15 და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან?
16 მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ.
17 ხოლო თავადმან მან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა?
18 ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.
19 და უნდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი ესე.
20 და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართლად იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოონ რაჲმე სიტყუაჲ მის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა.
მიეცით კეისრისა კეისარს
21 და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალ-აღებ პირსა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ.
22 ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა?
23 და ვითარცა გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე?
24 მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩუენეს და ჰრქუა: ვისი არს ხატი და ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაჲ.
25 და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
26 და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს.
სადუკეველების შეკითხვა ქორწინებაზე
27 მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს:
28 მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.
29 შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.
30 და მეორემან და მესამემან,
31 და მოწყდეს უშვილონი. და ეგრეთვე ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაშთა შვილი.
32 შემდგომად მათ ყოველთაჲსა მოკუდა დედაკაციცა იგი.
33 აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?
34 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ;
35 ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ,
36 არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან.
37 ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა-იგი იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა.
38 რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე.
მწიგნობრებმა ვეღარ გაბედეს შეკითხვა
39 მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ კეთილად სთქუ.
40 და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ უფალმან:
41 ვითარ უკუე იტყჳან ქრისტესა ძედ დავითისა?
42 რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
43 ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
44 თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძე მისი არს?
45 და ვითარცა ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
46 ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველად ჯდომაჲ კრებულსა შორის და ზემჯდომაჲ პურსა ზედა,
47 რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვედ. ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი.