ქვრივის ორი ლეპტა
1 გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში.
2 დაინახა ერთი საწყალი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო შიგ,
3 და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო;
4 ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი.
ტაძრის დანგრევაზე
5 როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა:
6 მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
7 ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?
8 ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს.
9 როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული.
10 მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;
11 და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.
12 უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13 და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14 მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15 ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16 გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17 და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18 მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19 მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
20 ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.
21 მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში.
22 ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი.
23 ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე.
24 დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.
25 და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა.
26 შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.
27 მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.
28 ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.
29 და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც:
30 როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
31 ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი.
32 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
33 ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
გაფრთხილდით
34 ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.
35 რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.
36 მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.
უკანასკნელი სწავლება ტაძარში
37 დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.
38 და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.
ქვრივის ორი ლეპტა
1 აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს.
2 დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.
3 თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო,
4 ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა“.
ტაძრის დანგრევაზე
5 როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა:
6 „დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს“.
7 ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?“
8 მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ.
9 როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული“.
10 მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო - სამეფოს წინააღმდეგ.
11 იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან.
12 ამის უწინარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო.
13 ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
14 ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი,
15 ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
16 ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17 და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო.
18 მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
19 მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
20 და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარსშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება.
21 მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში.
22 ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
23 ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
24 დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი.
25 და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.
26 ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან.
27 მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
28 ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“.
29 უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
30 როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული.
31 ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთის სასუფეველი.
32 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.
33 ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.
გაფრთხილდით
34 „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად,
35 რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე.
36 მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“.
უკანასკნელი სწავლება ტაძარში
37 დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამ-ღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება.
38 მთელი ხალხი დილიდან მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.
ქვრივის ორი ლეპტა
1 და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი.
2 და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი,
3 და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა,
4 რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.
ტაძრის დანგრევაზე
5 და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ:
6 ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
7 ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს?
8 ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა.
9 და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული.
10 მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა;
11 და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.
12 ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.
13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.
14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.
15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.
16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.
17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.
18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.
19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
20 რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი.
21 მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.
22 რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.
23 ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას ზედა.
24 და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.
25 და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა.
26 სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ.
27 და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
28 და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი.
29 და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი.
30 რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
31 ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
32 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.
33 ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
გაფრთხილდით
34 ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი.
35 რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა.
36 იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.
უკანასკნელი სწავლება ტაძარში
37 და იყოფვოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ.
38 და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მისთა.