იესოს გამოცდა
1 სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
2 ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.
3 და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.
4 ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.
5 აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.
6 და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.
7 თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.
8 მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
9 მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,
10 ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,
11 და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.
12 მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
13 ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.
ქადაგება გალილეაში. იესოს უარყოფა ნაზარეთში
14 დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.
15 და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
16 მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.
17 მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:
18 სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
19 ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად.
20 დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას.
21 და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.
22 ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
23 და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.
24 მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში.
25 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.
26 მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.
27 მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.
28 ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.
29 ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.
30 მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.
იესო კაპერნაუმსა და გალილეაში
31 ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით ასწავლიდა მათ.
32 უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას.
33 და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა:
34 ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.
35 მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.
36 შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?
37 და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.
38 გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
39 თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.
40 ხოლო მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით სნეული ჰყავდა, მიჰგვარა ისინი მას; მანაც სათითაოდ დაადო ხელი და განკურნა ისინი.
41 მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს, რადგან იცოდნენ, რომ ის არის ქრისტე.
42 როცა გათენდა, წამოვიდა იქიდან და უდაბურ ადგილას მივიდა; ხალხი კი ეძებდა, მივიდნენ და აკავებდნენ, რომ არ დაეტოვებინა ისინი.
43 მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.
44 და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.
იესოს გამოცდა
1 იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში
2 და ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა.
3 უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს“.
4 მიუგო მას იესომ: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით“.
5 და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა ერთ წამში მსოფლიოს ყველა სამეფო.
6 და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.
7 თუ თაყვანსა მცემ, შენი იქნება ყოველივე!“
8 მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: „უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“.
9 წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს.
10 ვინაიდან დაწერილია, რომ „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან“
11 და რომ „ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“.
12 და მიუგო და უთხრა მას იესომ: „ნათქვამია: „არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“.
13 და როცა დაამთავრა ყველა გამოცდა, ეშმაკი გაშორდა მას სხვა ჟამის მოლოდინში.
ქადაგება გალილეაში. იესოს უარყოფა ნაზარეთში
14 დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს.
15 ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებულ იყო ყველას მიერ.
16 და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად.
17 და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო:
18 „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
19 უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად“.
20 და დახურა წიგნი, გადასცა მსახურს და დაჯდა. ყველას თვალი სინაგოგაში მისკენ იყო მიპყრობილი.
21 და დაუწყო ლაპარაკი მათ: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ“.
22 და ყველამ დაუმოწმა მას და გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: „ეს იოსების ძე არ არის?“
23 უთხრა მათ: „ნამდვილად მეტყვით ამ ანდაზას: „მკურნალო, განიკურნე შენი თავი. ყველაფერი, რაც კი კაპერნაუმში მოხდა, როგორც გავიგეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში“.
24 უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არაა მიღებული თავის სამშობლოში.
25 ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე.
26 და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა ციდონის ცარფათში.
27 კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმენდილა, გარდა ნეემან სირიელისა“.
28 ეს რომ მოისმინეს სინაგოგაში მყოფთ, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ. 29. წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან, და მიიყვანეს იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.
30 მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
იესო კაპერნაუმსა და გალილეაში
31 და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით
32 და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა.
33 სინაგოგაში იყო კაცი, უწმიდური სულით შეპყრობილი, და იყვირა ხმამაღლა:
34 „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღვთის წმიდაო“.
35 იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან!“ და დასცა იგი ეშმაკმა მათ შუაში და გამოვიდა მისგან, და არაფერი უვნია მისთვის.
36 ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“
37 და მოეფინა ხმა მის შესახებ იმ მხარის ყოველ ადგილს.
38 ადგა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეპყრობილი იყო დიდი სიცხით და სთხოვეს მისთვის.
39 და დაადგა თავზე და შერისხა სიცხე. მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.
40 მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულნი, მასთან მიიყვანა, და მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
41 ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა!“ ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.
42 დღე რომ გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.
43 მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი“.
44 და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.
იესოს გამოცდა
1 ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.
2 და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.
3 და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ.
4 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
5 და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა.
6 და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი;
7 უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი.
8 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
9 და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,
10 რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა.
11 ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
12 მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
13 და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე.
ქადაგება გალილეაში. იესოს უარყოფა ნაზარეთში
14 და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
15 და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.
16 და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ.
17 და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:
18 სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა,
19 და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული.
20 და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს.
21 და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა.
22 და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?
23 და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.
24 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა.
25 ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა.
26 და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა.
27 და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური.
28 და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე.
29 და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი.
30 ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.
იესო კაპერნაუმსა და გალილეაში
31 და შთავიდა კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაჲსასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.
32 და უკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ იგი მისი.
33 და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა:
34 ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა: გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
35 და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არაჲ ავნო მას.
36 და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ?
37 და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.
38 და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთჳს.
39 და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
40 და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურები თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი.
41 და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე.
42 და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან.
43 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.
44 და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.