ასისთავის მონის განკურნება. ქვრივის ვაჟის გაცოცხლება
1 როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.
2 ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა.
3 იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა.
4 ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,
5 ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა.
6 წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7 ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
8 ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.
9 ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ მეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.
10 გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.
11 მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
12 როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
13 ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
14 მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
15 მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
16 ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
17 და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს.
პასუხი იოანე ნათლისმცემელს
18 ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს.
19 ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
20 ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
21 ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.
22 მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
23 ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში.
24 ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?
25 რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან.
26 რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
27 ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.
28 რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
29 მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით.
30 ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
31 და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი?
32 ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
33 ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
34 მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;
35 და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
ცოდვილი დედაკაცი იესოსთან
36 ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.
37 და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი;
38 ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.
39 ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.
40 ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!
41 ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;
42 მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?
43 სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე.
44 მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
45 შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს.
46 შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი.
47 ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.
48 ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი.
49 ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?
50 მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
ასისთავის მონის განკურნება. ქვრივის ვაჟის გაცოცხლება
1 როცა მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხის სასმენელთა მიმართ, შევიდა კაპერნაუმში.
2 ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო,
3 იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესები სათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკურნა მისი მონა.
4 ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს მხურვალედ და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო,
5 ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა“.
6 იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორი-ახლოს იყვნენ, როცა ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7 ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
8 რადგან მეც, ძალაუფლებას დამორჩილებულს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: „წადი!“ და მიდის. და სხვას: „მოდი!“ და მოდის. ჩემს მონას: „გააკეთე ეს!“ და აკეთებს“.
9 ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა თავის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა“.
10 წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა.
11 ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი.
12 ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან.
13 ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი“.
14 მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“
15 მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას.
16 ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს“.
17 ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს.
პასუხი იოანე ნათლისმცემელს
18 აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს.
19 იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“
20 მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“
21 იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.
22 მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
23 ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში“.
24 როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?
25 მაშ, რის სანახავად გახვედით - კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან.
26 რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.
27 ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია: „აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“.
28 ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია“.
29 მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც კი, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ.
30 ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან.
31 მაშინ უფალმა თქვა: „ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი?
32 ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: �სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ სტიროდით.�
33 ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
34 მოვიდა კაცის ძე და ჭამს და სვამს და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.
35 გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ“.
ცოდვილი დედაკაცი იესოსთან
36 ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა მას, მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას.
37 იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით.
38 და დადგა უკან, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
39 ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი“.
40 მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი,“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო“.
41 თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.
42 მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“
43 მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა“. ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე“.
44 მიბრუნდა დედაკაცისაკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა.
45 შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა.
46 შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ.
47 ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს“.
48 და უთხრა მას: „მიგეტევა შენი ცოდვანი“.
49 მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?“
50 მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით“.
ასისთავის მონის განკურნება. ქვრივის ვაჟის გაცოცხლება
1 და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს.
2 და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან.
3 და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი.
4 ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს,
5 რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.
6 და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.
7 რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი.
8 რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის.
9 ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა სარწმუნოებაჲ მისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცაღა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ.
10 და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.
11 და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.
12 და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.
13 და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!
14 და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!
15 და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.
16 და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა.
17 და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
პასუხი იოანე ნათლისმცემელს
18 და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს.
19 და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
20 და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
21 მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ.
22 და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.
23 და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ.
24 და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
25 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.
26 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.
27 რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
28 რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს.
29 და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.
30 ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
31 ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს?
32 მსგავს არიან ყმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყჳედ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა სტიროდეთ.
33 რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, არცა ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღჳნოსა, და იტყჳთ: ეშმაკეულ არს.
34 მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღვნისაჲ და მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ.
35 და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თჳსთა.
ცოდვილი დედაკაცი იესოსთან
36 ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.
37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ.
38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.
39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.
40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე!
41 და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი.
42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?
43 მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე.
44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა;
45 ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა.
46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა.
47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
48 და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
49 და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?
50 ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳიდობით!