იესო ახარებს ქალაქებში
1 ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი.
2 და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი,
3 იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
იგავი მთესველზე
4 ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით:
5 გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი.
6 ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა.
7 ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.
8 ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
9 მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?
10 ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.
11 აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;
12 გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ;
13 კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;
14 ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.
15 პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.
დაუკვირდით, როგორ ისმენთ
16 არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს,
17 ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს.
18 მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.
19 მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.
20 და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.
21 ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
22 მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს.
23 ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ.
24 მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა.
25 და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას?
ლეგიონის სულების განდევნა ეშმაკეულისაგან. ღორების კოლტი
26 და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.
27 ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში.
28 იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29 რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.
30 ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.
31 ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.
32 იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.
33 გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო.
34 ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი.
35 გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ.
36 ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული.
37 გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა.
38 ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა:
39 დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.
იაიროსის ასულის გაცოცხლება. სისხლმდინარე ქალის განკურნება
40 მოხდა ისე, რომ იესოს დაბრუნებისთანავე მიიღო იგი ხალხმა, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.
41 და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო.
42 რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს.
43 ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,
44 უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა.
45 და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?
46 მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.
47 რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.
48 ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით.
49 ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.
50 მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.
51 ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა.
52 ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.
53 ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა.
54 ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;
55 მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
56 მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.
იესო ახარებს ქალაქებში
1 ამის შემდეგ დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ,
2 ასევე ზოგი დედაკაციც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი გავიდა;
3 იოანა, ჰეროდეს მოურავის ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
იგავი მთესველზე
4 როცა დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან და ქალაქის ყველა მცხოვრები მიეახლა, მან დაიწყო იგავით ლაპარაკი:
5 „გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაცვივდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
6 ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა.
7 ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, ეკალი გაიზარდა და გააჩანაგა.
8 ზოგი კი კარგ ნიადაგზე დაცვივდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო“. ეს თქვა და დაიძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“
9 ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი.
10 მან თქვა: „თქვენ მოგეცათ, რომ იცოდეთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავებით მიეცათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11 ეს იგავი კი ამას ნიშნავს: ის თესლი ღვთის სიტყვაა.
12 გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმით, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ იწამონ და არ გადარჩნენ.
13 ესენი კი, კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
14 ხოლო ეკლებში ჩაცვენილნი ისინი არიან, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აჩანაგებენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება.
15 ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს“.
დაუკვირდით, როგორ ისმენთ
16 „არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შეედგას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი.
17 ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18 ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ ექნება“.
19 მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის გამო.
20 შეატყობინეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
21 ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ“. 22. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, და უთხრა მათ: „გადავიდეთ ტბის გაღმა,“ და გაცურეს.
23 როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში იყვნენ.
24 მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით“. და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ და ჩამოვარდა მყუდროება.
25 უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“
ლეგიონი სულების განდევნა ეშმაკეულისგან. ღორების კოლტი
26 გადაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარეს არის.
27 როცა გავიდა ხმელეთზე, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. მას ეშმაკები დაუფლებოდნენ დიდი ხანის წინ და არც სამოსელს იცვამდა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
28 როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო მაღალი ღვთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ“.
29 ვინაიდან უბრძანა არაწმიდა სულს ამ კაცისგან გამოსულიყო (ვინაიდან დიდ ხანს სტანჯავდა მას, ჰკრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი. მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკის მიერ უდაბნოებში).
30 ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი,“ ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული.
31 და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32 იქ იყო ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში, და მან დართო ნება.
33 გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო.
34 ეს ამბავი რომ დაინახეს მწყემსებმა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს.
35 გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფერხთით, და შეეშინდათ.
36 მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული.
37 ევედრებოდა გერასენელთა სანახების მთელი ხალხი, რათა გასცლოდა მათ, ვინაიდან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38 ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ, შეევედრა იესოს, თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39 „დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა“. ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ.
იაიროსის ასულის გაცოცხლება. სისხლმდინარი ქალის განკურნება
40 როცა იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.
41 და აჰა, მოვიდა კაცი სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფერხთით და ევედრებოდა, შინ გაჰყოლოდა.
42 ვინაიდან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედ აწყდებოდა მას.
43 იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა.
44 უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა. 45. თქვა იესომ: „ვინ შემეხო?“ როცა ყველამ იუარა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“
46 ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან“.
47 ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
48 უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!“
49 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს“.
50 იესომ, ეს რომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება“.
51 სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. 52. ყველა მოთქვამდა და დასტიროდა მას, მან კი უთხრა: „ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ“.
53 ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო. 54. ხელი ხელში ჩასჭიდა, შესძახა და თქვა: „გოგონავ, ადექ!“
55 და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა იგი და მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.
56 და გაუკვირდათ მის მშობლებს. მან უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.
იესო ახარებს ქალაქებში
1 და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.
2 და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს.
3 იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
იგავი მთესველზე
4 ხოლო რომელნი-იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:
5 გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.
6 და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.
7 და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
8 და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.
9 ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე?
10 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ.
11 ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
12 ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.
13 ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.
14 ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.
15 ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.
დაუკვირდით, როგორ ისმენთ
16 არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.
17 რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
18 იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
19 მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.
20 უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს.
21 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.
22 და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს.
23 და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.
24 და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი.
25 და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?
ლეგიონის სულების განდევნა ეშმაკეულისაგან. ღორების კოლტი
26 და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.
27 და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
28 და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29 რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
30 ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
31 და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ.
32 და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.
33 და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.
34 ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
35 და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.
36 რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.
37 და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
38 ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
39 მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.
იაიროსის ასულის გაცოცხლება. სისხლმდინარე ქალის განკურნება
40 და იყო მიქცევასა მას იესუჲსსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ ყოველნივე მოელოდეს მას.
41 და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა.
42 რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
43 და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.
44 და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ.
45 და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?
46 ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.
47 და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
48 ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!
49 და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.
50 ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.
51 და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ.
52 სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
53 ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
54 და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!
55 და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი.
56 და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.