იერუსალიმში ზეიმით შესვლა. „ოსანა მაღალთა შინა!“
1 როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე
2 და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ.
3 ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო.
4 ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი.
5 ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?
6 მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი.
7 მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი.
8 ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ.
9 წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით.
10 კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა!
11 შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით.
ლეღვის ხის დაწყევლა
12 ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;
13 შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.
14 და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა.
ტაძრის განწმედა
15 მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.
16 და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში.
17 ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
18 გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.
19 შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.
20 დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო.
21 გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.
22 მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა.
23 რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.
24 ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ.
25 როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი.
26 ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
მღვდელმთავრების შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე
27 კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა ტაძრად მიმოდიოდა, მიუახლოვდნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი.
28 და უთხრეს მას: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ამისი ძალა?
29 ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და მიპასუხეთ: მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
30 ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ.
31 ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?
32 ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდა იოანე.
33 ამიტომ პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. ხოლო იესომ მიუგო მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
იერუსალიმში ზეიმით შესვლა. „ოსანა მაღალთა შინა!“
1 როცა მიუახლოვდ ნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გააგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი.
2 უთხრა მათ: „წადით სოფელში, თქვენს წინ რომ არის. როგორც კი შიგ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ.
3 თუ ვინმემ გითხრათ: ამას რას შვრებითო? უთხარით, რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს-თქო“.
4 წავიდნენ და იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი.
5 იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?“
6 მათ უთხრეს, როგორც იესომ უთხრათ, და მოეშვნენ მათ.
7 და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე.
8 ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები.
9 წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი!
10 კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“
11 და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და თორმეტთან ერთად გავიდა ბეთანიისაკენ.
ლეღვის ხის დაწყევლა
12 მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა.
13 შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი. არ იყო ლეღვობის დრო.
14 მიუბრუნდა და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.
ტაძრის განწმედა
15 და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო, და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა.
16 არ ანებებდა, რაიმე გაეტარგამოეტარებინათ ტაძარზე.
17 და ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „არ სწერია, ჩემი სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდებაო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“.
18 გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით.
19 როცა მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან.
20 დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო.
21 და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა“.
22 მიუგო იესომ და უთხრა მათ:
23 „იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას.
24 ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.
25 როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი.
26 ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“.
მღვდელმთავრების შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე
27 კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და, როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან.
28 და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“
29 იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
30 იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა, მიპასუხეთ“.
31 ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რაღატომ არ იწამეთო მისი?
32 ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო.
33 და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით“. იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას“.
იერუსალიმში ზეიმით შესვლა. „ოსანა მაღალთა შინა!“
1 და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი
2 და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ.
3 და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა.
4 ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი.
5 ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას?
6 ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.
7 და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა.
8 და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.
9 და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა!
10 კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!
11 და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.
ლეღვის ხის დაწყევლა
12 და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია.
13 და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ.
14 და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.
ტაძრის განწმედა
15 და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა.
16 და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.
17 და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
18 და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.
19 და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა.
20 და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითაგან.
21 და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.
22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:
23 გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.
24 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.
25 და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
26 ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
მღვდელმთავრების შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე
27 და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.
28 და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი?
29 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას:
30 ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე.
31 ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?
32 და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო.
33 და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.