იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე
1 და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
2 როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან.
3 ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4 კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს.
5 ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ.
6 ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
7 მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო.
8 შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.
9 მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.
10 ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
11 უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
12 უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.
კეისრის გადასახადზე
13 მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის.
14 მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ?
15 ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო.
16 მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.
17 იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი.
შეკითხვა ზეცაში ქორწინებაზე
18 მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:
19 მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.
20 იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.
21 მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც.
22 შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა.
23 მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.
24 იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას?
25 რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26 ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.
27 ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით.
უდიდესი მცნება
28 მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება?
29 ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!
30 და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.
31 და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება.
32 მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა;
33 და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.
34 როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის.
35 კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?
36 რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.
37 ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.
38 და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა,
39 სინაგოგებში - წინა რიბები და წვეულებებზე - სუფრის თავში ჯდომა.
40 რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.
ქვრივის ორი ლეპტა
41 დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა.
42 მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს.
43 მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში.
44 ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი.
იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე
1 და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ვაზი ჩაყარა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და შიგ კოშკი ჩადგა. ჩააბარა იგი მიწისმუშაკებს და წავიდა.
2 ჟამმა რომ მოაწია, ერთი მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ მიწისმუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად.
3 მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4 კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს.
5 სხვა გაგზავნა და მოკლეს ის. და კიდევ ბევრი სხვა. ზოგსა სცემეს და ზოგიც მოკლეს.
6 ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა: ჩემი ძის მოერიდებათო.
7 მიწისმუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
8 და შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან.
9 რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, ამოწყვეტს მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს.
10 ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა;
11 უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში?“
12 შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ.
კეისრის გადასახადზე
13 და მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში.
14 მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“
15 მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო“.
16 მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ კეისრისაო, უთხრეს მას.
17 იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა - ღმერთს“. და უკვირდათ მისი.
შეკითხვა ზეცაში ქორწინებაზე
18 და მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
19 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
20 იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.
21 მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ.
22 შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველას შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა.
23 აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“
24 უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთისა?“
25 რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26 ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა მას: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?
27 ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით“.
უდიდესი მცნება
28 მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“
29 მიუგო იესომ: „პირველი არის ისმინე, ისრაელო! უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია.
30 შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით. ეს არის პირველი მცნება.
31 მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს“.
32 უთხრა მას იმ მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,
33 გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი. ეს ყოველ სრულადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია“.
34 იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღვთის სასუფევლისაგან“. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რამე ეკითხა.
35 მიუგო იესომ და თქვა, როცა კვლავ ასწავლიდა ტაძარში: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
36 თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად. 37. თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“ მრავალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით.
38 და თქვა თავისი მოძღვრებიდან: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ;
39 ხოლო სინაგოგებში - წინა რიგები და ნადიმებზე - წინა ადგილები.
40 რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ“.
ქვრივის ორი ლეპტა
41 იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.
42 მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.
43 დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო.
44 ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა“.
იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე
1 და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა.
2 და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.
3 ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.
4 მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული.
5 და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს.
6 უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს.
7 ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე.
8 და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით.
9 აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.
10 არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა?
11 უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
12 და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
კეისრის გადასახადზე
13 და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა.
14 ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსმე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა ანუ არა? მივსცეთ ანუ არა მივსცეთ?
15 ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.
16 ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.
17 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს.
შეკითხვა ზეცაში ქორწინებაზე
18 და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
19 მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.
20 აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი;
21 და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი. და მესამემან ეგრეთვე,
22 ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი; უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.
23 აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?
24 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ?
25 რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.
26 ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?
27 არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით.
უდიდესი მცნება
28 და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ?
29 ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს;
30 და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.
31 და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.
32 ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე;
33 და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.
34 და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.
35 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი?
36 რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
37 თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად.
38 და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა,
39 და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ანაჴით-ჯდომაჲ სერსა ზედა,
40 რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი.
ქვრივის ორი ლეპტა
41 და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად.
42 და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე.
43 და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასის-საცავსა ამას;
44 რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი.