დავრდომილის განკურნება. ხელმწიფება ცოდვების მიტევებისა
1 რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო.
2 და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3 მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
4 და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.
5 მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.
6 იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა:
7 ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?
8 ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში?
9 რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი?
10 მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს:
11 შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
12 ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.
ლევის მოწოდება
13 და კვლავ გამოვიდა იესო ზღვის პირას: მთელი ხალხი დაიძრა მისკენ, და ასწავლიდა მათ.
14 გზად მიმავალმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა.
15 ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას.
16 როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
17 ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
ახალი ღვინო ახალ ტიკში
18 იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ. მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არა?
19 ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ.
20 დადგება დღე, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
21 არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა.
22 არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.
შაბათის უფალიც არის კაცის ძე
23 მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
24 ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?
25 ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
26 როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მისცა მასთან მყოფთაც?
27 და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის.
28 ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
დავრდომილის განკურნება. ხელმწიფება ცოდვების მიტევებისა
1 რამდენიმე დღის შემ დეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და ხმა დაირხა, რომ სახლშიაო.
2 იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარში ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3 მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხს მოჰყავდა.
4 და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა, ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.
5 იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“
6 იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა:
7 „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“
8 იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა: „ასეთი რამ გულში რად გაივლეთ?
9 რა უფრო ადვილია - თქმა დავრდომილისთვის: „შენი ცოდვები მოგეტევა“, თუ თქმა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე“?
10 ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ქვეყანაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს;
11 შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“
12 ადგა, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ“.
ლევის მოწოდება
13 კვლავ გავიდა ზღვაზე. და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
14 გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: „გამომყევი მე“. ისიც ადგა და გაჰყვა მას.
15 როცა მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. 16. და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?“
17 ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი“.
ახალი ღვინო ახალ ტიკში
18 იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“
19 იესომ უთხრა მათ: „განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხულობა,
20 მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს.
21 ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა.
22 არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“.
შაბათის უფალიც არის კაცის ძე
23 მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს.
24 ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?“
25 უთხრა მათ: „არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ?
26 როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?“
27 უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
28 ამრიგად, კაცის ძე შაბათის უფალიც არის“.
დავრდომილის განკურნება. ხელმწიფება ცოდვების მიტევებისა
1 და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს.
2 და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა.
3 და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან.
4 და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი.
5 და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
6 ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს,
7 ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
8 ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
9 რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?
10 ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას:
11 შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
12 და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.
ლევის მოწოდება
13 და კუალად განვიდა ზღჳს კიდესა, და ყოველი ერი მოვიდოდა მისა, და მუნ ასწავებდა მათ.
14 და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას.
15 და იყო, ვითარცა ინაჴით-ჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ
16 და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს და სუამს?
17 და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.
ახალი ღვინო ახალ ტიკში
18 და იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
19 ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად.
20 არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა.
21 არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად განიპის.
22 და არავინ შთაასხის ღვინოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.
შაბათის უფალიც არის კაცის ძე
23 და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა.
24 ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად!
25 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა?
26 ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო?
27 და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს.
28 ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.