ხელშემხმარის განკურნება
1 კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი.
2 და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.
3 ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ.
4 მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.
5 რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.
6 გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი.
7 მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან,
8 იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან.
9 და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი.
10 ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას.
11 მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა.
12 ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო.
თორმეტის ამორჩევა მოციქულებად
13 მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან.
14 აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი,
15 და რათა ჰქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა.
16 აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე.
17 ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი;
18 ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.
19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
სატანა სატანის წინააღმდეგ
20 მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რომ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს.
21 გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო.
22 ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
23 მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?
24 თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო.
25 და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი.
26 ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული.
27 ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი.
28 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ.
29 მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა.
30 ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო.
იესოს დედა და ძმები
31 მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად.
32 დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო.
33 ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები?
34 თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები.
35 რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც.
ხელშემხმარის განკურნება
1 და კვლავ შევიდა სინაგოგაში. და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი.
2 უთვალთვალებდნენ, შაბათ დღისითაც ხომ არ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.
3 უთხრა ხელგამხმარ კაცს: „შუაში დადექი“.
4 მათ კი უთხრა: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული, თუ ბოროტისა? სულის ხსნა, თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი.
5 იესომ რისხვით გადახედა მათ, მათი გულდახშულობით დამწუხრებულმა, და იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი.
6 ფარისევლები გამოსვლისთანავე შეითქვნენ ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.
7 იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან,
8 იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და ციდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს, რაც მოიმოქმედა.
9 და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი,
10 რადგან ბევრი განკურნა. ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას.
11 არაწმიდა სულებიც, როგორც კი დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღვთისა!“
12 იესო მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი.
თორმეტის ამორჩევა მოციქულებად
13 და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და წავიდნენ მასთან.
14 თორმეტი ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად,
15 და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკთა გამოდევნის ხელმწიფება.
16 და ამოარჩია თორმეტი: მეტსახელად მისცა სიმონს პეტრე;
17 იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს „ქუხილის ძენი“;
18 ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი.
19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
სატანა სატანის წინააღმდეგ
20 მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარა ჭამეს.
21 მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო.
22 იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო.
23 მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?
24 თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.
25 თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
26 და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს. დაუდგა აღსასრული.
27 ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
28 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ;
29 ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.
30 რადგან ამბობდნენ: არაწმიდა სული ჰყავსო.
იესოს დედა და ძმები
31 მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად.
32 მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო.
33 პასუხად უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“
34 მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები.
35 რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც“.
ხელშემხმარის განკურნება
1 და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა.
2 და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი.
3 და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის!
4 და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.
5 და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.
6 და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.
7 ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით,
8 იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა.
9 და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი.
10 რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს.
11 და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.
12 და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
თორმეტის ამორჩევა მოციქულებად
13 და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა.
14 და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად
15 და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა.
16 და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე,
17 და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი;
18 ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი
19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.
სატანა სატანის წინააღმდეგ
20 და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად.
21 და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს.
22 და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
23 და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად?
24 და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი.
25 და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად.
26 და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს.
27 და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.
28 ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ;
29 ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა.
30 რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.
იესოს დედა და ძმები
31 მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს.
32 და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ,
33 მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?
34 და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
35 რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.