წინასწარმეტყველის უპატივცემლობა
1 წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
2 შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?
3 განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში.
4 ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში.
5 და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა.
6 უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.
თორმეტი გაიგზავნა მსახურებისათვის
7 მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
8 და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით:
9 არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს.
10 და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან.
11 ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
12 და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.
13 აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
14 ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში.
15 სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
16 ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა.
17 ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას.
18 რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი.
19 ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო.
20 რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
21 მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;
22 გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო.
23 და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო.
24 ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი.
25 მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.
26 შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი.
27 მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი.
28 ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს.
29 ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში.
ხუთი ათასი კაცის გაძღება
30 შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ.
31 ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ.
32 და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით.
33 მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ.
34 გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება.
35 და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე;
36 გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი.
37 ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად?
38 მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“.
39 მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი.
40 და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი.
41 აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას.
42 ყველამ ჭამა და გაძღა.
43 და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი.
44 ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.
ფეხით სიარული წყალზე
45 მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
46 ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად.
47 მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე.
48 და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი.
49 ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს;
50 რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.
51 ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.
52 რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული.
მრავალთა გაჯანსაღება
53 გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.
54 ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა.
55 შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი.
56 სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა.
წინასწარმეტყველის უპატივცემლობა
1 და გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. და გაჰყვნენ თავისი მოწაფეებიც.
2 შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: საიდანა აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი? და რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით?
3 ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში.
4 უთხრა მათ იესომ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა“.
5 ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ ორიოდე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.
6 უკვირდა მათი ურწმუნოება, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.
თორმეტი გაიგზავნა მსახურებისათვის
7 და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი ორ-ორის დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე.
8 და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა: არც პური, არც გუდა, არც სპილენძი სარტყლით.
9 ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი.
10 უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ.
11 თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს“.
12 და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება.
13 სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სცხებდნენ ზეთს და ბევრ სნეულს კურნავდნენ. ამბავი ნათლისმცემლის თავისკვეთისა
14 ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი, და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში.
15 ერთნი ამბობდნენ, რომ ელიაა. სხვები კი ამბობდნენ, რომ წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
16 ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით“.
17 რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა იგი.
18 რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ გერგება შენი ძმისცოლი ცოლად“.
19 ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო.
20 რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდებდა ყურს.
21 დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ აზნაურებს.
22 შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ“.
23 და აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვო, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი“.
24 გამოვიდა და უთხრა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ იოანე ნათლისმცემლის თავიო, უთხრა მან.
25 და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი“.
26 შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, არ ისურვა მისი გაწბილება.
27 მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა.
28 და წავიდა იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა დედამისს მისცა.
29 გაიგეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს.
ხუთი ათასი კაცის გაძღება
30 შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს.
31 უთხრა მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ“. ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. 32. და წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით.
33 დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ.
34 გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.
35 უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიანი დროა.
36 გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა- სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო“.
37 მაგრამ მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი“. მათ უთხრეს: „წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?“
38 უთხრა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და უთხრეს: „ხუთი და ორიც თევზი“.
39 მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე.
40 დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად.
41 აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას.
42 ყველამ ჭამა და გაძღა.
43 დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან თორმეტი სავსე გოდორი აკრიფეს.
44 პურისმჭამელი სულ ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო.
ფეხით სიარული წყალზე
45 მყისვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა.
46 ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად.
47 და როცა შესაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე.
48 და დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღვაზე სიარულით. და უნდოდა მათთვის გვერდი აევლო.
49 ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს.
50 ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა. „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“
51 და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და უფრო უკვირდათ,
52 ჯერ პურების ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გონება დახშოდათ.
მრავალთა გაჯანსაღება
53 გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მიწას, და ჩაუშვეს ღუზა.
54 როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა.
55 შემოირბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო.
56 სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსლის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც.
წინასწარმეტყველის უპატივცემლობა
1 და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.
2 და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?
3 ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.
4 ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.
5 და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.
6 და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ.
თორმეტი გაიგზავნა მსახურებისათვის
7 და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.
8 და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.
9 და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.
10 და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.
11 და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.
12 და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.
13 და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.
14 და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი თანა.
15 და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ.
16 ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით.
17 რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად.
18 რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი.
19 ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა.
20 რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.
21 და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა,
22 და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.
23 და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.
24 ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
25 და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
26 და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის.
27 და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი.
28 ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.
29 და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.
ხუთი ათასი კაცის გაძღება
30 და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
31 და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს.
32 და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან.
33 და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა.
34 და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.
35 და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად.
36 განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს.
37 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი.
38 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი.
39 და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა.
40 და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი.
41 და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა.
42 და ჭამეს ყოველთა და განძღეს.
43 და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა.
44 და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი.
ფეხით სიარული წყალზე
45 და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი.
46 და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად.
47 და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა.
48 და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან.
49 ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს.
50 რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ!
51 და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა.
52 რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ.
მრავალთა გაჯანსაღება
53 და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად.
54 და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა.
55 და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს.
56 და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს.