რა ბილწავს ადამიანს
1 შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი.
2 დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი.
3 (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ.
4 არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა).
5 მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს?
6 ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.
7 ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს.
8 ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.
9 და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა?
10 ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
11 ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -
12 ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.
13 და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.
14 მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:
15 არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.
16 ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:
17 ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.
18 და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?
19 ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.
20 და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
21 ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,
22 სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.
23 ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.
ძაღლებიც ჭამენ შვილების საჭმლის ნამცეცებს
24 წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.
25 რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას.
26 ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან.
27 მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.
28 ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს?
29 და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან.
30 მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან.
ყრუ ენაბლუს განკურნება
31 მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის.
32 მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
33 ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო;
34 ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!
35 მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა.
36 და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;
37 დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.
რა ბილწავს ადამიანს
1 და შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი.
2 და დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს.
3 რადგან ფარისეველნი და ყველა იუდეველი, იცავენ ძველების ჩვეულებას და ისე არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი,
4 ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში.
5 და ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები ძველების გადმოცემისამებრ და ხელდაუბანელი ჭამენ პურს?“
6 მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც სწერია: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
7 ამაოდ მეთაყვანებიან, ასწავლიან რა ადამიანთა მცნებებს და მოძღვრებებს“.
8 ღვთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ“.
9 უთხრა მათ: „კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?
10 მოსემ თქვა: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს“.
11 თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: კორბან, ესე იგი, ძღვენიო (ღმერთს), რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, -
12 მას თქვენ ნებასა რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისათვის.
13 აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ“.
14 მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: „მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ:
15 არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
16 თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“
17 როცა ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას იგავზე.
18 უთხრა მათ: „ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა? 19. ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ზარულში“. მან ასე განწმიდა ყოველგვარი საკვები.
20 შემდეგ უთხრა: „კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
21 ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,
22 მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.
23 ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“.
ძაღლებიც ჭამენ შვილების საჭმლის ნამცეცებს
24 ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. და სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.
25 მაგრამ მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულიც უწმიდური სულით იგვემებოდა, მივიდა და დაემხო მის ფერხთით.
26 ეს დედაკაცი კი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან.
27 და უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო“.
28 მან მიუგო და უთხრა: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ მაგიდის ქვეშ ჭამენ შვილების ნამცეცებს“.
29 უთხრა: „მაგ სიტყვისათვის წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან“.
30 და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო.
ყრუ ენაბლუს განკურნება
31 კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა ციდონის გზით გალილეის ზღვისკენ, დეკაპოლისის საზღვრების გავლით.
32 და მიუყვანეს მას ერთი ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
33 გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას,
34 ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა“, რაც არის: განიხსენ.
35 და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა.
36 უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ.
37 მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს ასმენინებს და მუნჯებს ალაპარაკებს“.
რა ბილწავს ადამიანს
1 და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით.
2 და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს.
3 რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ.
4 და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ.
5 მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?
6 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან.
7 ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა.
8 და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ.
9 და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ.
10 რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.
11 ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს,
12 და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად.
13 და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ.
14 და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ:
15 არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.
16 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
17 და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.
18 და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს?
19 რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა.
20 და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა,
21 რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,
22 ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი.
23 ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა.
ძაღლებიც ჭამენ შვილების საჭმლის ნამცეცებს
24 და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.
25 რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა.
26 ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა.
27 ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.
28 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა.
29 ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.
30 და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.
ყრუ ენაბლუს განკურნება
31 და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა.
32 და მოართუეს მას ყრუჲ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა.
33 და განიყვანა ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა
34 და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით!
35 და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად.
36 და ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან. და რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს.
37 და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.