თორმეტის არჩევა
1 მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
2 ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;
3 ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;
4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
თორმეტის მივლინება
5 აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.
6 არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.
7 მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
8 განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
9 ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს;
10 ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა.
11 რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე.
12 ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
13 და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ.
14 და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
15 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
ცხვრები მგლებს შორის
16 აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17 ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18 და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19 ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20 რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21 და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22 და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
23 და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა.
24 არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი.
25 საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას.
26 მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
27 რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ.
ნუ გეშინიათ მათი
28 ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.
29 განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება.
30 ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.
31 მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
ქრისტეს აღიარება და უარყოფა
32 ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33 ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34 ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
35 ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას.
36 და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
37 ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;
38 ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
39 ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.
ვინც მე მღებულობ
40 ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
41 ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
42 და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
თორმეტის არჩევა
1 მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.
2 ესენია იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე,
3 ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი,
4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
თორმეტის მივლინება
5 ეს თორმეტი მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: „წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ.
6 არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
7 როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
8 სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
9 ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით.
10 ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია.
11 რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ,
12 სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: „მშვიდობა ამ სახლს!“
13 თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ.
14 ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან.
15 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
ცხვრები მგლებს შორის
16 აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
17 მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ.
18 წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
19 ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.
20 ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
21 ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22 ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
23 როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა.
24 მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.
25 საკმარისია მოწაფისათვის ისეთი იყოს, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის - როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს არა?
26 ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
27 რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
ნუ გეშინიათ მათი
28 ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.
29 განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
30 ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია.
31 ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
ქრისტეს აღიარება და უარყოფა
32 ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33 ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34 ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
35 რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული - თავის დედისაგან და რძალი - თავის დედამთილისაგან.
36 კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან.
37 ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი.
38 ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
39 თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.
ვინც მე მღებულობს
40 ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.
41 ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.
42 ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს, მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური“.
თორმეტის არჩევა
1 და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
2 ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი,
3 ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს,
4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
თორმეტის მივლინება
5 ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ,
6 არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
7 და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
8 უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.
9 ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,
10 ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
11 რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე.
12 და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
13 და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.
14 და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ.
15 ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.
ცხვრები მგლებს შორის
16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.
19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.
20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.
21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
23 რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს.
24 არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.
25 კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა?
26 ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.
27 რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა.
ნუ გეშინიათ მათი
28 და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.
29 ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
30 ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან.
31 ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
ქრისტეს აღიარება და უარყოფა
32 ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
33 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
34 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
35 რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა.
36 და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.
37 რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
38 და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
39 რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
ვინც მე მღებულობს
40 რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
41 რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს.
42 და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.