დროის და ნიშნის გამოცნობა
1 მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.
2 ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია.
3 დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.
4 უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა.
ფარისეველთა საფუარი
5 ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება.
6 იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.
7 ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.
8 მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?
9 ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
10 არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
11 ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი?
12 მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
ქრისტე - ცოცხალი ღვთის ძე
13 ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?
14 მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.
15 კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?
16 სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.
17 ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.
18 და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
19 მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.
20 მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე.
21 მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.
22 მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!
23 ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს
24 მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.
25 რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
26 რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
27 რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს.
28 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში.
დროის და ნიშნის გამოცნობა
1 მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ციდან.
2 მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო;
3 დილით კი - დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა?
4 ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა“. და მიატოვა ისინი და წავიდა.
ფარისეველთა საფუარი
5 გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.
6 და იესომ უთხრა მათ: „იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს“.
7 ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო.
8 იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?
9 ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პური და რამდენი გოდორი აიღეთ?
10 აღარც ოთხი ათასის შვიდი პური და რამდენი კალათი აიღეთ?
11 რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“
12 მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
ქრისტე - ცოცხალი ღვთის ძე
13 ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“
14 მათ უთხრეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი - ელიაო და ზოგი - იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო“.
15 უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“
16 სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“.
17 მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია.
18 მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.
19 მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“.
20 მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა.
21 მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.
22 პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“
23 ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე“.
იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს
24 მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.
25 ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას.
26 რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
27 ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით.
28 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს“.
დროის და ნიშნის გამოცნობა
1 და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.
2 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ.
3 და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად.
4 ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.
ფარისეველთა საფუარი
5 და მო-რაჲ-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყდა მათ პური მიღებად.
6 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.
7 ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ.
8 გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით?
9 არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ?
10 და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხ ათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ?
11 ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა?
12 მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.
ქრისტე - ცოცხალი ღვთის ძე
13 მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?
14 ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.
15 ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?
16 მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.
17 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.
18 და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
19 და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
20 მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.
21 მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
22 და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.
23 ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს
24 მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
25 რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
26 რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?
27 რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
28 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.