როგორც ბავშვები

1 მ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?

2 იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა

3 და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

4 ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.

5 და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს.

6 ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.

7 ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.

8 თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.

9 თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში.

10 ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.

11 რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი.

გზააბნეული ცხვარი

12 როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?

13 და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.

14 ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.

შემცოდე ძმა

15 ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი.

16 ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა.

17 და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი.

18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.

სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით

19 კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.

20 რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.

მოწყალე მეფე და უმოწყალო მონა

21 მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ?

22 იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.

23 ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის.

24 და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.

25 და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ.

26 დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი.

27 შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

28 მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო.

29 ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო.

30 მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი.

31 ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა.

32 მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე.

33 ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ?

34 განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს.

35 ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს.