მოგვები აღმოსავლეთიდან
1 ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს,
2 და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.
3 ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.
4 შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე.
5 ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ:
6 და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს.
7 მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
8 წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას.
9 ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10 ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
11 როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12 და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.
13 ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.
ეგვიპტეში გაქცევა
14 ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს.
15 და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს.
ყრმათა ამოჟლეტა
16 მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.
17 მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
18 ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.
ეგვიპტიდან დაბრუნება
19 ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში,
20 და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს.
21 ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად.
22 მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს.
23 მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
მოგვები აღმოსავლეთიდან
1 როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს:
2 „სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“.
3 ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4 შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე.
5 მათ კი უთხრეს მას: „იუდეის ბეთლემში. ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6 „და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს“.
7 მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
8 წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“.
9 მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.
10 ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს.
11 როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12 და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდეს თან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13 როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი“.
ეგვიპტეში გაქცევა
14 ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს.
15 და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბ ობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“.
ყრმათა ამოჟლეტა
16 ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია.
17 მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი“.
ეგვიპტიდან დაბრუნება
19 ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი
20 და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ“.
21 ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22 ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰე როდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში,
23 მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.
მოგვები აღმოსავლეთიდან
1 ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:
2 სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
3 ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
4 და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?
5 ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ:
6 და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
7 მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ.
8 და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.
9 ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.
10 ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
11 და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
12 და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.
13 და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.
ეგვიპტეში გაქცევა
14 ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
15 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა.
ყრმათა ამოჟლეტა
16 მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.
17 მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
18 ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
ეგვიპტიდან დაბრუნება
19 ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს
20 და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
21 ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.
22 და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა.
23 და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.