იესო იუწყება თავის სიკვდილს

1 ა როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა:

2 თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად.

3 მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე.

4 და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი.

5 მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.

იესოს ცხება ნელსაცხებლით ბეთანიაში

6 ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში,

7 მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს.

8 ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა?

9 ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.

10 მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო:

11 ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.

12 ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა.

13 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.

გაცემა

14 მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან

15 და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი.

16 და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.

პასექის მომზადება

17 ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?

18 მან კი თქვა: წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით: მოძღვარი ამბობს: მოაწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.

19 მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოუმზადეს პასექი.

ბოლო სერობა

20 და მწუნრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.

21 ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.

22 ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო?

23 ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე.

24 და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.

25 მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი.

26 და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი.

27 აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ:

28 ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.

29 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.

30 იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

პეტრეს მიერ უარყოფაზე

31 მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.

32 ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ.

33 მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.

34 უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.

35 მიუგო მას პეტრემ: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.

გეთსიმანია

36 მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ.

37 თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე, და იწყო მწუხარება და ურვა.

38 მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.

39 ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ.

40 მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?

41 იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

42 მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი.

43 მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.

44 მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.

45 მერე მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: კვლავინდებურად გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა მიეცემა ცოდვილთა ხელში.

46 ადექით, წავიდეთ: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.

იესოს გაცემა და შეპყრობა

47 სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მოვიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით, მღვდელმთავართა და ხალხის უხუცესთაგან.

48 ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი.

49 მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.

50 ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოსულხარ? მაშინ მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.

51 და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.

52 მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.

53 ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც.

54 როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?

55 მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე.

56 ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა.

სინედრიონის სამსჯავროზე

57 ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი.

58 პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას: შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.

59 ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,

60 მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე,

61 რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო.

62 მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ?

63 მაგრამ იესო დუმდა, და მღვღელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა?

64 უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.

65 მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი?

66 რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია.

67 მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ

68 და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?

უარყოფა პეტრეს მიერ

69 პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?

70 ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.

71 და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.

72 ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.

73 ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს.

74 მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.

75 გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.