ანგელოზი უმჟღავნებს მარიამს იესოს აღდგომას

1 ოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად.

2 და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.

3 სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.

4 მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ.

5 მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.

6 აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა.

7 დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.

იესოს შეხვედრა დედაკაცებთან

8 ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან, შიშითა და დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის.

9 და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.

10 მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ.

მცველების მოსყიდვა

11 და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა.

12 ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს

13 და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი.

14 და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით.

15 მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე.

„წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს!“

16 ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.

17 იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.

18 მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.

19 მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;

20 ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.