იესოს გამოცდა
1 მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად.
2 და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.
3 მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.
4 ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.
5 მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე
6 და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.
7 იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
8 კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.
9 და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე.
10 მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
11 მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.
12 ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა.
13 მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,
14 რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
15 ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;
16 ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.
17 შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
სიმონის, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება
18 და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
19 და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.
20 მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.
21 იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.
22 მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.
ქადაგება და კურნება გალილეაში
23 მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
24 და მოედო მისი ამბავი მთელს სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.
25 და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
იესოს გამოცდა
1 მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად.
2 ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა.
3 მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“.
4 ხოლო მან მი უგო და უთხრა: „დაწერილია, რომ „‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“
5 მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.
6 უთხრა მას: „თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“.
7 უთხრა მას: „ასევე.დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“.
8 ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება.
9 უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ“.
10 მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“.
11 მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.
12 გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას.
13 მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში,
14 რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის, რომელიც ამბობს:
15 „ზებულუნის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა.
16 ხალხმა, რომელიც ბნელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ“.
17 იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“.
სიმონის, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება
18 როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
19 უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით“.
20 მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
21 იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ.
22 მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.
ქადაგება და კურნება გალილეაში
23 და მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში.
24 მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ.
25 დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან და იუდეადან და იორდანეს გაღმიდან.
იესოს გამოცდა
1 მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.
2 და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია.
3 მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ.
4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.
5 მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა
6 და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
7 ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
8 კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი
9 და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.
10 მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
11 მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.
12 ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.
13 და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა,
14 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
15 ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.
16 ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.
17 მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
სიმონის, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება
18 და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.
19 და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
20 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.
21 და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.
22 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.
ქადაგება და კურნება გალილეაში
23 და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.
24 და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი.
25 და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.