ქადაგება მთაზე
1 ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი.
2 განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა:
3 ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
4 ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
6 ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
7 ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
8 ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
10 ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
11 ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.
12 გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი
13 თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.
14 თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული.
15 როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.
16 დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
17 ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.
18 რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
19 ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
20 რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
მრისხანებაზე და მკვლელობაზე
21 თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს.
22 მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.
23 ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
24 დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.
25 დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.
26 ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს.
გულისთქმით შეხედვა
27 თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
28 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
29 თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
30 ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
გაყრისათვის
31 ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.
32 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.
33 კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.
34 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;
35 ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია.
36 ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება.
37 არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.
თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც
38 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
39 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
40 და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.
41 ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.
42 მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.
შეიყვარეთ თქვენი მტრები
43 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
45 რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
46 რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
47 ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?
48 მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
ქადაგება მთაზე
1 დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.
2 მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 „ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
4 ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6 ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერმწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
7 ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.
8 ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.
10 ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.
11 ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო.
12 იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი
13 თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად.
14 თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.
16 ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად
17 არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
19 ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.
20 ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
მრისხანებაზე და მკვლელობაზე
21 თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: „არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება“.
22 მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.
23 ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენ დება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ,
24 მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი.
25 შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.
26 ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
გულისთქმით შეხედვა
27 გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“.
28 მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29 თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
30 თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარეს.
გაყრისათვის
31 ასევე ნათქვამია: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა“.
32 მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველების თვის: „არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე“.
34 მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი.
35 არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია.
37 არამედ იყოს თქვენი სიტყვა: „ჰო“ ჰო! „არა“ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა.
თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც
38 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“.
39 მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას.
41 ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.
42 ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
შეიყვარეთ თქვენი მტრები
43 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი“.
44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.
45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.
46 ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47 თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48 მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.
ქადაგება მთაზე
1 და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.
2 და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:
3 ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
4 ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.
5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.
7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
9 ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
11 ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.
12 გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.
თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი
13 თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.
14 თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა.
15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა.
16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
17 ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.
18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.
19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
20 ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
მრისხანებაზე და მკვლელობაზე
21 გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა.
22 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
23 უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,
24 დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.
25 იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე.
26 ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.
გულისთქმით შეხედვა
27 გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.
28 28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.
29 უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
30 და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა.
გაყრისათვის
31 თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი.
32 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.
33 კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.
34 ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;
35 ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.
36 ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.
37 არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს.
თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც
38 გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
39 ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა.
40 და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.
41 და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.
42 და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი.
შეიყვარეთ თქვენი მტრები
43 გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
44 ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.
45 რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა.
46 უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან.
47 და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?
48 იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.