დავრდომილის განკურნება
1 მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.
2 და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.
3 ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი.
4 ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?
5 რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?
6 ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
7 ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში.
8 ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.
მკურნალი სნეულებს სჭირდებათ
9 იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
10 და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან.
11 ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
12 ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
13 თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.
მარხვისათვის
14 მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?
15 ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
16 არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა.
17 არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.
სისხლდენით გატანჯული ქალი
18 ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.
19 წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.
20 და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.
21 რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.
22 ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს.
23 შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო;
24 და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას.
25 და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა.
26 და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს.
ორი ბრმის განკურნება
27 იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო!
28 და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო.
29 მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!
30 და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს.
31 ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.
მუნჯის ალაპარაკება
32 ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული.
33 და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე.
34 ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
სამკალი ბევრია
35 და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
36 და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.
37 მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი.
38 მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში.
დავრდომილის განკურნება
1 და ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და მივიდა თავის ქალაქში.
2 აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: „გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები“.
3 აჰა, ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა: „ღმერთსა გმობს ეს კაცი“.
4 იესომ დაინახა მათი ზრახვები და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?
5 რისი თქმა უფრო ადვილია: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ იმის თქმა: ადექი და გაიარე?
6 ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება აქვს, - ასე უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში“.
7 ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.
8 ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.
მკურნალი სნეულებს სჭირდებათ
9 იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი“. ისიც წამოდგა და გაჰყვა მას.
10 მოხდა ისე, რომ როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და ჩამოჯდა იესოსა და მისი მოწაფეების გვერდით.
11 ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“
12 ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.
13 წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი“.
მარხვისათვის
14 მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“
15 უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
16 არავინ დააკერებს ძველ ტანისამოსს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსელს და უარესად გამოიხევა.
17 არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება“.
სისხლდენით გატანჯული ქალი
18 როცა მათ ამას ელაპარაკებოდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ესესაა მოკვდა, მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება“.
19 წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც.
20 აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლისდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას.
21 ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
22 ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა“. და ქალი იმავე ჟამს განიკურნა.
23 მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.
24 უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს“. და სასაცილოდ აიგდეს იგი.
25 როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა.
26 და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.
ორი ბრმის განკურნება
27 როცა იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“
28 სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და უთხრა მათ იესომ: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ უთხრეს მას: „კი, უფალო!“
29 მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“
30 და აეხილათ მათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: „იცოდეთ, არავინ გაიგოს“.
31 მათ კი, როცა გავიდნენ, მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.
მუნჯის ალაპარაკება
32 ისინი რომ გავიდნენ, მოუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი.
33 როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. გაკვირვებული ხალხი ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარაო ისრაელში.
34 ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო.
სამკალი ბევრია
35 დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას.
36 ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.
37 მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი - ცოტა.
38 ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“.
დავრდომილის განკურნება
1 და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.
2 მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
3 და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს.
4 იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
5 რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?
6 ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!
7 და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა.
8 იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.
მკურნალი სნეულებს სჭირდებათ
9 და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას.
10 და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
11 და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი?
12 12. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
13 ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
მარხვისათვის
14 მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
15 ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ.
16 არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის.
17 არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
სისხლდენით გატანჯული ქალი
18 და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს.
19 და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა.
20 და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
21 რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე.
22 ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
23 და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი
24 და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას.
25 და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი.
26 განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
ორი ბრმის განკურნება
27 და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!
28 და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
29 მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!
30 და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.
31 ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.
მუნჯის ალაპარაკება
32 და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული.
33 და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.
34 ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
სამკალი ბევრია
35 და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.
36 და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
37 მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.
38 ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.