1 პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა.
2 ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,
3 და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ.
4 შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.
5 ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.
6 შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
7 და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.
8 არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.
9 ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან.
10 და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,
11 რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.
12 მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა.
13 შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
14 გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.
15 იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა:
16 კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.
17 ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.
18 მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.
19 ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.
20 ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.
21 ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,
22 იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღღგომის მოწმე.
23 და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.
24 ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე.
25 რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.
26 და უყარეს მათ წილი; შეხვდა წილი მატთიას და შეირაცხა წილი მატთიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად.
2 ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა,
3 რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა,
4 და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.
5 რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.
6 ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?
7 ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,
8 არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.
9 და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა.
10 და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,
11 და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.
12 მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ.
13 და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.
14 ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.
15 და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა
16 (იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა,
17 რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის.
18 ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი.
19 და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ.
20 რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
21 ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ,
22 იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი.
23 და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია.
24 და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე,
25 მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა.
26 და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა.