1 ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.
2 უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ.
3 მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს.
4 ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს.
5 სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას.
6 როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს,
7 რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.
8 მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული.
9 ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას
10 და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?
11 აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
12 როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
13 პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14 ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ.
15 რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.
16 წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!
17 ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18 ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.
19 ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20 შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21 მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს.
22 ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“.
23 სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო,
24 ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას.
25 ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე.
26 კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
27 ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს.
28 და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი.
29 ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს.
30 მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.
31 მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე.
32 და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.
33 როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“.
34 ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“.
35 ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“.
36 დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
37 ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.
38 მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება.
39 ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.
40 ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული:
41 „უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“.
42 იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს.
43 საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში.
44 მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა.
45 ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.
46 ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.
47 რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.
48 ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის.
49 და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელს ქვეყანაში.
50 მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი.
51 ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს.
52 მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე.
2 და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ.
3 მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.
4 ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად , და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ.
5 და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად.
6 და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარიისუ,
7 რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა.
8 ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან.
9 ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას
10 და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა?
11 და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა.
12 მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.
13 წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ.
14 და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს.
15 და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.
16 აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ!
17 ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ.
18 და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა,
19 და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი.
20 და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაწარმეტყუელისა.
21 მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ.
22 და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი.
23 მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ,
24 რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა.
25 ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა.
26 კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა.
27 რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს.
28 და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი.
29 და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა.
30 ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით,
31 რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ.
32 და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.
33 ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ.
34 ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ.
35 რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი.
36 რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი.
37 ხოლო რომელი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი.
38 უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების;
39 და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების.
40 იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ:
41 იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.
42 და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ.
43 და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა.
44 და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას უფლისასა.
45 ხოლო იხილეს რაჲ ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ.
46 განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა-ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ.
47 რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა.
48 ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა.
49 და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა.
50 ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით.
51 ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად.
52 და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა.