1 იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა.
2 მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული.
3 თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს.
4 მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს.
5 მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი,
6 გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს,
7 და ახარებდნენ იქ.
8 ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო.
9 ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა.
10 ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო.
11 როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.
12 ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა.
13 ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი.
14 მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს:
15 რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია,
16 და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ.
17 თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.
18 ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი.
19 მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ.
20 მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს,
21 სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდენ.
22 ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
23 ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.
24 შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ.
25 პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ.
26 იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს.
27 ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.
28 კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა.
2 ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა.
3 მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყჳთა მით მადლისა მისისაჲთა და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა.
4 მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაჲ, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა.
5 და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა მისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა,
6 განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა – ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა,
7 და მუნ ახარებდეს.
8 და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა, უძლური ორითავე ფერჴთა, და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო.
9 ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისა,
10 ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ. და აღიხილნა და იწყო სლვად.
11 ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა.
12 და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს – ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის.
13 ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა და ეგულებოდა ზორვად.
14 ესმა რაჲ ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს:
15 კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,
16 რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისასა,
17 და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა.
18 და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს.
19 მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულადმ არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიან. და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი.
20 და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა დერბედ.
21 და ახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად,
22 და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა.
23 და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა.
24 და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფილიად;
25 და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა და შთავიდეს ატალიად;
26 და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს.
27 და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.
28 და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირეთა მოწაფეთა მათ თანა.