1 ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო.
2 როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან.
3 ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს.
4 იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად.
5 მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული.
6 მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები.
7 ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
8 გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა.
9 ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან.
10 მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა?
11 მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც.
12 დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის.
13 როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ:
14 სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით.
15 მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია:
16 „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას,
17 რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი“.
18 ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი.
19 ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას.
20 არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს.
21 ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში.
22 მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.
23 თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!
24 რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის,
25 ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,
26 რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.
27 ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.
28 ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:
29 ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!
30 წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს.
31 როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
32 ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები.
33 ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.
34 სილამ კი იქვე დარჩენა ინება.
35 ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.
36 რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.
37 ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.
38 პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ.
39 ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს.
40 პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
41 დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად.
2 და ვითარ იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალჱმდ ამის ცილობისათჳს.
3 და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა.
4 და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.
5 აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი.
6 შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს.
7 და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად;
8 და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ;
9 და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი.
10 აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად?
11 არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ.
12 და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ.
13 და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი:
14 სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა;
15 და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ:
16 ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო,
17 რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან,
18 რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან.
19 ამისთჳს მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ,
20 არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ.
21 რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა.
22 მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის;
23 და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი, გიკითხავთ. გიხაროდენ!
24 ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად სჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო.
25 აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებაჲ თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა,
26 კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
27 წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე.
28 რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან:
29 განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!
30 იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა.
31 და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა.
32 იუდა და შილა, რამეთუ იგინი წინაწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს.
33 და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ.
34 ჯერ-იჩინა შილა დადგრომაჲ მუნვე.
35 ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა.
36 შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი არიან.
37 ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს.
38 ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა თანა-წარყვანებად იგი.
39 იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას; ბარნაბა თანა წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ.
40 ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა, და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან,
41 და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა.