1 ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი,
2 რომელსაც ემოწმებოდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.
3 პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
4 ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები.
5 ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად.
6 ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა.
7 მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება.
8 მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ.
9 პავლემ ჩვენება იხილა ღამით: ერთი მაკედონელი კაცი წარუდგა და ვედრებით ეუბნებოდა, მაკედონიაში ჩამოდი და დაგვეხმარეო.
10 ამ ჩვენების შემდეგ სასწრაფოდ გადავწყვიტეთ მაკედონიაში წასვლა, რადგანაც მივხვდით, რომ ღმერთმა გვიხმო, რათა იქ გვეხარებინა.
11 ტროადან გემით გავედით და პირდაპირი სვლით მივადექით სამოთრაკეს, ხოლო მეორე დღეს - ნეაპოლისს,
12 იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე.
13 შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.
14 ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.
15 თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.
16 მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
17 პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო.
18 ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე.
19 როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან,
20 რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს;
21 გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.
22 მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
23 ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
24 ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.
25 შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26 უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.
27 გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
28 მაგრამ პალემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო.
29 მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას;
30 გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე?
31 ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც.
32 და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც.
33 ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად.
34 მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი.
35 გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო.
36 დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით.
37 მაგრამ პავლემ შეუთვალა მათ: ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, მთელი ხალხის თვალწინ გაუსამართლებლად გაგვჯოხეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი მალულად სურთ ჩვენი გაშვება? ეგრე კი არა, არამედ მოვიდნენ და თვითონვე გამოგვიყვანონ.
38 მსახურებმა ეს სიტყვები მთავრებს გადასცეს, მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელები ყოფილანო.
39 მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, საპყრობილედან გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.
40 საპყრობილედან გამოსულნი ლიდიასთან მივიდნენ, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და გზას გაუდგნენ.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ,
2 რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა.
3 ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი.
4 და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს შინა.
5 ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ.
6 და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა,
7 მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან.
8 და ვითარ თანა-წარჰჴდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად.
9 და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ.
10 და ვითარცა ჩუენებაჲ იგი იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად, გულისჴმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა.
11 აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ, და ხვალისაგან – ახალქალაქად,
12 და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ. ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რაოდენთამე.
13 და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს.
14 და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.
15 და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ.
16 და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა.
17 ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა.
18 და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა.
19 ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა.
20 და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან
21 და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ.
22 "GAMORCHENILIA"
23 და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი;
24 და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა.
25 და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი.
26 მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს.
27 და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.
28 ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ.
29 ხოლო მან მოითხოა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას
30 და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?
31 ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
32 და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა.
33 და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა;
34 მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.
35 და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად.
36 მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშჳდობით!
37 ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩეუნ ურაკ-პარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ.
38 მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან.
39 და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან.
40 იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა, და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.