1 ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა.
2 პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან;
3 უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო.
4 ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი.
5 მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
6 რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან;
7 იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.
8 აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი.
9 მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი.
10 მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.
11 ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო.
12 მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი.
13 მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი.
14 მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15 პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ.
16 ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე.
17 ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
18 ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
19 ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
20 ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს?
21 ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
22 დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ.
23 ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.
24 ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.
25 და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26 ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.
27 რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.
28 ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
29 ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
30 ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
31 ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი.
32 მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო.
33 ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34 ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ.
2 და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან,
3 გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით და ვითარმედ: ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ.
4 და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგა პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ.
5 ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა. და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე.
6 და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან,
7 რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს.
8 აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე.
9 და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი.
10 ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი, ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელთა ხოლო ჰურიათასა შევიდეს.
11 რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი ყოვლითა გულს-მოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს.
12 მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირედსა.
13 ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას.
14 მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს.
15 და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე, და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.
16 ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა.
17 ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.
18 რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ.
19 შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ?
20 რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად.
21 ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა.
22 მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.
23 რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ,
24 ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს,
25 არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო.
26 და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა;
27 და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო.
28 GAMORCHENILIA
29 აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად.
30 რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;
31 ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.
32 ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა.
33 და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა.
34 ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონისიოს არეოპაგელი და დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა.