1 მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა.
2 და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.
3 უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.
4 მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.
5 ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.
6 პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
7 იყო სულ თორმეტიოდე კაცი.
8 მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.
9 მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი, წამოიყვანა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.
10 ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც, ისმენდა უფლის სიტყვას.
11 ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით.
12 ასე რომ, მის ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან.
13 იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14 ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე.
15 მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ?
16 ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან.
17 ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.
18 მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19 ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი.
20 ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.
21 ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო.
22 მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით ასიაში დარჩა.
23 ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.
24 ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს,
25 მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული.
26 იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფისოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო.
27 ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც.
28 ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე!
29 მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ.
30 პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს.
31 ზოგიერომა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო.
32 ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ.
33 იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე.
34 მაგრამ როდესაც გაიგეს, იუდეველიაო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს ყიჟინებდნენ: ერთია ეფესელთა არტემიდე;
35 მწიგნობარმა დააშოშმინა ხალხი და თქვა: ეფესელნო, ვინ არ იცის, რომ ჩვენი ქალაქი მსახურია დიდი არტემიდესი და ცით მოვლენილი ხატისა?
36 რაკი ეს უცილობელია, მოვალენი ხართ მშვიდად იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ.
37 თქვენ კი მოიყვანეთ ეს ხალხი, რომელსაც არც ტაძარი გაუძარცვავს და არც ჩვენი ქალღმერთი უგმია.
38 თუ დემეტრესა და მის თანამოსაქმეებს სურთ ვინმეს უჩივლონ, სამსჯავროც გვაქვს და მსაჯულებიც გვყვანან; ადგნენ და უჩივლონ ერთმანეთს.
39 ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც უფლებამოსილმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს,
40 რადგანაც საფრთხე გვემუქრება, რომ ბრალს დაგვდებენ დღევანდელი არეულობის გამო, ვინაიდან ვერავითარი საბაბით ვერ გავამართლებთ ამ თავყრილობას. ეს თქვა და დაითხოვა კრებული.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი
2 და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს.
3 ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა.
4 ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე.
5 ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა.
6 და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს.
7 ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ.
8 შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა.
9 და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე.
10 და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი, ჰურიათა და წარმართთა.
11 ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა,
12 ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა.
13 იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს.
14 იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს.
15 მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ?
16 და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით.
17 და ესე განცხდებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს. და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი.
18 და მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა.
19 და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი.
20 და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა.
21 ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად.
22 და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა.
23 იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს,
24 რამეთუ დემეტრეოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არა მცირედსა,
25 რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი;
26 და ხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი.
27 და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს.
28 მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულის წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ!
29 და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარსრულნი.
30 ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა.
31 და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას.
32 სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს.
33 ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის.
34 მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ!
35 დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი?
36 და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით.
37 რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა.
38 უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან, და აბრალებედ ურთიერთას.
39 უკუეთუ კულა სხჳსა რაჲსათჳსმე ეძიებთ, სჯულიერითა კრებითა განეგოს.
40 და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთჳსცა დღენდელისა, რამეთუ არარაჲ მიზეზი იყო, რომლისათჳსცა ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელ-მეწიფების შეკრებულისა ამისთჳს ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი.