1 ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს.
2 როდესაც უხმეს, ტერტულუსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა:
3 შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს.
4 მაგრამ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, გთხოვ მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოწყალებით.
5 რაკი ეს კაცი მავნებლად, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის აღმძვრელად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღვრად ვცანით,
6 თვით ტაძრის შებილწვაც რომ სცადა, ამიტომ ჩვენც შევიპყარით და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა იგი.
7 მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია, ძალით გამოგვტაცა ხელიდან და შენთან გამოგზავნა.
8 მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა; შეგიძლია დაჰკითხო და მისგანვე გაიგებ, რასაც ვდებთ ბრალად.
9 იუდეველებმაც დაუმოწმეს, სწორედ ასეაო.
10 ხოლო პავლემ, როცა მმართველმა ანიშნა, ილაპარაკეო, თქვა: რაკიღა ვიცი, რომ ამდენი წლის მანძილზე მართლად განიკითხავ ამ ხალხს, მით უფრო თამამად შევძლებ თავის მართლებას.
11 თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტი დღე თუ იქნება, რაც იერუსალიმს ავედი თაყვანისცემად.
12 არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ დავა დამეწყოს ან ამებორგებინოს ხალხი, არც სინაგოგაში და არც ქალაქში.
13 ვერც იმას დაამტკიცებენ შენს წინაშე, რაშიაც ახლა მდებენ ბრალს.
14 იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ.
15 და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან.
16 ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.
17 მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა მეძღვნა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და შესაწირავი.
18 სწორედ შეწირვისას მნახეს ტაძარში, გაწმენდილი, ხალხისა და შფოთის გარეშე,
19 ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენს წინაშე და ეჩივლათ ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
20 არადა, თვით ამათ თქვან, რა ბრალი ჰპოვეს ჩემში, როცა წარვდექი სინედრიონის წინაშე,
21 გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს?
22 ეს რომ მოისმინა, ფელიქსმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ გზას, გადადო საქმის განხილვა და თქვა: როცა ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გავარჩევ თქვენს საქმესო.
23 ხოლო ასისთავს პავლეს დარაჯობა უბრძანა, მაგრამ ისე კი, რომ არ შეეწუხებინათ და არც ახლობლებისთვის დაეშალათ მისი მსახურება ან ნახვა.
24 რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა.
25 მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.
26 თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
27 მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს.
2 და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა:
3 მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა.
4 ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა.
5 რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ,
6 რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად სჯულისა ჩუენისა ვინებთ განკითხვაჲ.
7 ზედა მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა.
8 და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას თანა.
9 ეწამებოდეს ჰურიანიცა წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა:
10 მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუაჲ მიუგო.
11 რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად.
12 და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა,
13 არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისა ჩინებად, რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე.
14 ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და წინაწარმეტყუელთა წერილ არს.
15 სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა.
16 ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის.
17 მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა,
18 რომელსა შინა მპოეს მე განწმედილი ტაძარსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა.
19 ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ.
20 ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის.
21 ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ.
22 ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს.
23 და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა ყენებად თჳსთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა.
24 ხოლო შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდა ფელიქს დროსილაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესუ ქრისტეს სარწმუნოებისათჳს.
25 და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათჳს და მოთმინებისა და სარჩელისათჳს მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ.
26 და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას.
27 ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.