1 თავდაღწეულებმა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტე ერქვა.
2 იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს.
3 მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია.
4 მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო.
5 მაგრამ მან ხელი გაიქნია და ცეცხლში შეაგდო გველი, ისე, რომ არა ვნებია რა.
6 მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო.
7 იმ არემარეში მამული ჰქონდა კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, რომელმაც მიგვიღო და სამი დღე სტუმართმოყვრულად გვიმასპინძლა.
8 პუბლიუსის მამა ლოგინად ჩაეგდო ხურვებას და მუცლის გვრემას; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელი დაადო და ისიც განიკურნა.
9 ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.
10 სანაცვლოდ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
11 სამი თვის შემდეგ ჩავსხედით დიოსკურების ნიშნიან ალექსანდრიულ ხომალდში, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა.
12 ჩავედით სირაკუზაში, სადაც სამი დღე დავრჩით.
13 იქიდან წამოსულები მივადექით რეგიუმს, და რაკი ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა, მეორე დღეს პუტეოლისში ჩავედით,
14 სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი.
15 ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა.
16 როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად.
17 სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს,
18 რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე.
19 მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის.
20 სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები.
21 იუდეველებმა უთხრეს ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი.
22 მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ.
23 დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი.
24 ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა.
25 რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26 „მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ,
27 რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
28 მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“.
29 ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში.
30 ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს.
31 ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას.
2 ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო.
3 და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა.
4 ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი, დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის-მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა.
5 ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას.
6 ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შეემთხჳა მას, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ ღმერთი არს.
7 ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ურქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ და სამ დღე სიყუარულით მოწლედ მისტუმრნა.
8 და იყო მამაჲ პოპლიოჲსი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე, რომლისა შევიდა პავლე და ულოცა და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და განკურნა იგი.
9 და ვითარცა ესე იქმნა, სხუანიცა, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა და აქუნდა უძლურებაჲ, მოვიდოდეს და განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაჲთა,
10 რომელთაცა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ და წარსლვასა ჩუენსა აღგუაგნეს საგზლითა.
11 და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა ალექსანდრიაჲსასა, სახელით დიოსკორესსა.
12 და შთავედით სჳრაკოსად და დავადგერით მუნ სამ დღე,
13 ვინაჲ-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით ნიავი, და ორ დღე მოვედით პონტიოლს,
14 სადა-იგი ვპოენით ძმანი, და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით მუნ შჳდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ.
15 და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა.
16 და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცნა პყრობილნი იგი ერის მთავარსა მას, ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა.
17 და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა,
18 რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი, ამისთჳს რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა.
19 და ვითარ-იგი სიტყუას-უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ, არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ.
20 ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე.
21 ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა.
22 ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ; ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს.
23 და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათჳს ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს სჯულისაგან მოსესა და წინაწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე.
24 და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს.
25 და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ
26 და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ.
27 რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნე იგინი.
28 საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, და მათცა ისმინონ.
29 და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა.
30 ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თჳსითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა.
31 ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტჱსთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად.