1 პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს.
2 იყო ერთი კაცი, დაბადებიდანვე დავრდომილი; ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის ბჭესთან, რომელსაც ერქვა „მშვენიერი“, რათა მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთათვის.
3 როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ.
4 პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე.
5 მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო.
6 მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე.
7 მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.
8 წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.
9 მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს.
10 იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11 რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“.
12 ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?
13 აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.
14 მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.
15 ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
16 რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.
17 თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე, როგორც თქვენმა მთავრებმა.
18 ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა.
19 მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები,
20 მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე,
21 რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
22 რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს ადგიღგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.
23 და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“.
24 ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე გვაუწყებდა ამ დღეებს.
25 თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.
26 თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს.
2 და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად,
3 რომელმან იხილა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან.
4 მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილა ჩუენდა.
5 ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.
6 ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!
7 და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი.
8 და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.
9 და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა;
10 იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი იქმნა მის ზედა.
11 და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს.
12 ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?
13 ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი.
14 ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა.
15 ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე.
16 და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა.
17 და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა.
18 ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ.
19 შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი,
20 რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ,
21 რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა.
22 რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ.
23 და იყოს ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინასწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან.
24 და ყოველნი წინასწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ.
25 რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
26 თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.