1 ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა,
2 ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო.
3 მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?
4 განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.
5 ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას.
6 წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს.
7 სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
8 ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად.
9 უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ.
10 მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
11 თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს.
12 ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან.
13 დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ.
14 და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა.
15 ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ.
16 ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
17 მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ.
18 ხელი დაადეს მოციქულებს და საჯარო საპყრობილეში ჩაყარეს.
19 მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
20 წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.
21 ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში.
22 მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს:
23 საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ.
24 ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო?
25 ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო.
26 მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
27 როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ:
28 აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი.
29 ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა.
30 ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაჰკიდეთ და მოჰკალით.
31 თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
32 ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ.
33 ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის.
34 მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები.
35 მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს.
36 ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.
37 შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც.
38 ამიტომაც გეუბნებით: ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება.
39 ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ.
40 დაუჯერეს მას, მოუხმეს მოციქულებს, ჰგვემეს, იესოს სახელით ლაპარაკი აუკრძალეს და გაუშვეს ისინი.
41 ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ.
42 ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს.
იესოს წარმოშობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
იესოს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.
1 კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირას თანა ცოლისა მისისა განყიდა დაბაჲ
2 და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან, – უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, – და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.
3 ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა?
4 ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ეგე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა.
5 ვითარცა ესმინეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სული წარჰჴდეს. და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
6 და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს.
7 და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე, და შევიდა.
8 ჰრქუა მას პეტრე: მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაჲ იგი? ხოლო მან ჰქრუა: ჰე, ეგოდენის.
9 ჰრქუა მას პეტრე: რაჲსათჳს ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? ანუ არა აჰა-ესერა ფერჴნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა?
10 და დაეცა მეყსეულად ფერჴთა თანა მისთა და სული წარჰჴდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი და ჰპოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა.
11 და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
12 ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა.
13 ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი.
14 უფროჲს-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ,
15 ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ მისი შეადგეს მათგანსა.
16 და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი.
17 აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ აღივსნეს შურითა.
18 და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე.
19 ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა:
20 მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა.
21 ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. მაშინ მოვიდა მღდელთ მოძღუარი იგი და მისთანანი, და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა, და მიავლინნეს საპყრობილედ მოყვანებად მოციქულთა.
22 ხოლო მი-რაჲ-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა და მოიქცეს იგინი
23 და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დაჴშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა; ხოლო გან-რაჲ-ვაღეთ, შინა არავინ ვპოეთ.
24 და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთ მოძღუართა, განიზრახვიდეს მათთჳსმ ვითარმედ: რაჲმე იქმნა ესე?
25 მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ეგერა კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა.
26 მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბონ.
27 და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღდელთ მოძღუარი იგი
28 და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა-ესერა აღგივსიეს იერუსალჱმი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის?
29 მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს ვიდრე კაცთაჲ.
30 ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა;
31 ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მიცემად სინანული ისრაჱლსა და მოტევებაჲ ცოდვათაჲ,
32 და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა.
33 ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა.
34 ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ,
35 და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად?
36 რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ.
37 ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს.
38 და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს;
39 ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ. ხოლო იგინი ერჩდეს მას.
40 და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაჲთა არღარა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი.
41 ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად.
42 და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტესითა.